ოფიციალურად გამოცხადდა: კორონავირუსის გადაცემა შესაძლებელია ჰაერით
8 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ოფიციალურად აღიარა, რომ თეორია იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსის გადაცემა შესაძლებელია ჰაერით, შეიძლება მართალი აღმოჩნდეს.
ადრე, ჯანმო ამტკიცებდა, რომ COVID-19 ადამიანთა შორის ვრცელდება მხოლოდ წვეთოვანი გზით, ცხვირიდან და პირიდან, მაგრამ ჰაერში მოხვედრის შემთხვევაში, ის ფაქტობრივად მაშინვე, მიწას ენარცხება.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 32 ქვეყნის 239 მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა ჯანმოს წერილი მისწერა. მასში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ ვირუსის ნაწილაკებს ჰაერში გაჩერება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ და დააინფიცირებენ ყველას, ვინც იმ სივრცეში მოხვდება.
• თუ რუსეთის საზღვარი არ გაიხსნა, შიმშილი გველის – პანდემია ჯავახეთში. ვიდეო
• კორონავირუსი ბიზნესის წინააღმდეგ. ვიდეო ერევნიდან
წერილის ხელისმომწერი მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაბეჯითებით მოუწოდებენ, საკუთარი რეკომენდაციების განახლებისკენ.
„ეს ნამდვილად არ არის ჯანმოზე თავდასხმა. ეს სამეცნიერო დისკუსიაა, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ, ის ახლა საჯარო სივრცეში გადმოვიტანოთ, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რამდენჯერმე განაცხადა უარი ჩვენი მტკიცებულებების მოსმენაზე“, – განაცხადა Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში, კოლორადოს უნივერსიტეტის ქიმიკოსმა, ხოსე ხიმენესმა, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი მიმართვას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა დირექტორმა, ბენედეტა ალეგრანციმ საპასუხო ბრიფინგი ჟენევაში გამართა, რომელსაც ჟურნალისტებმა „ისტორიული“ უწოდეს.
მთავარი პრობლემებია – ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა და პანიკის საფრთხე, განაცხადა ალგერანციმ, როდესაც განმარტავდა, რატომ არ აკეთებდა აქამდე ამ თემაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არანაირ განცხადებას.
„თუკი ადამიანები გაიგებენ, რომ ვირუსი ჰაერის გზით გადაიცემა – მაშინაც კი, თუ ეს არ იქნება დამტკიცებული, სამედიცინო სფეროს მუშაკები უარს იტყვიან საავადმყოფოში წასვლაზე“, – თქვა მან.
ბენედეტა ალეგრანციმ ივარაუდა, რომ პანიკის შემთხვევაში, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა, შეიძლება, N95 რესპირატორული ნიღბების მთელი რეზერვი შეიძინონ, რომელიც რეალური თავდაცვის საშუალებაა.
„განვითარებადი ქვეყნებისთვის ნიღბები შეიძლება აღარ დარჩეს“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს, უახლოეს დღეებში წარმოადგინოს სამეცნიერო დასკვნა იმის შესახებ, როგორ შეიძლება გადაიცემოდეს კორონავირუსი.
თუკი, ჰაერის გზით გადაცემის თეორია დამტკიცდება, სერიოზული ცვლილებები შევა უსაფრთხოების შესახებ წარმოდგენებში. კერძოდ, ერთმეტრიანი დისტანცია აღარ ჩაითვლება უსაფრთხოდ.
ხელისუფლებებს, რომლებიც ეყრდნობიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარირებულ პრინციპებს, ვირუსის გავრცელების შემაჩერებელი ზომების საგრძნობი კორექტირება მოუწევთ.
8 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან, მსოფლიოში, 548 211 ადამიანი დაიღუპა.
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/07/RTS3GXAY-1024x683.jpg)