"ხალხის ძალა": ხელისუფლების გადასატრიალებლად აშშ-ს საელჩო ყველაფერს იკადრებს
გაზიარება
გაზიარება
ხელისუფლების გადასატრიალებლად აშშ-ს საელჩო ყველაფერს იკადრებს
“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, რომლებმაც ახალი მოძრაობა “ხალხის ხმა” შექმნეს, მორიგ წერილს აქვეყნებენ, სადაც ვკითხულობთ, რომ “ქალბატონი დეგნანი ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საელჩო ყველაფერს იკადრებს” და ბევრად უფრო “მძიმე ნაბიჯებზეც” წავა:
“ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი – ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე.“
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პირველი განცხადებაც მალევე გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია. ყოფილი დეპუტატების თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.”
ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.