ადვოკატი: ივანიშვილს ნახატების და ვერტმფრენის გადაადგილება შეუფერხეს
ივანიშვილს ნახატების და ვერტმფრენის გადაადგილება შეუფერხეს
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რა პრობლემები შეექმნა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან დავის პარალელურად.
ადვოკატის თქმით, Credit Suisse-თან დავას ბოლო პერიოდში “რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ადვოკატის თქმით, არც ერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ბანკ Credit Suisse-თან არავითარ კავშირში არაა.
„ამ წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, — ნათქვამია ყიფიანის განცხადებაში.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, კომპანიასთან დავა სამართლებრივ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი წამოჭრილი საკითხი დამატებით შეფასებას მოითხოვს, ამას ივანიშვილი თავად გააკეთებს უცხოური პრესისთვის საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით.
ასევე, ყიფიანის განმარტებით, ივანიშვილის პოზიციაა რომ Credit Suisse-თან ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია:
“ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც.”
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს უკვე მეორედ უჩივის და ამჯერად პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებს.
ამ ფაქტის გამო, ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ მმართველი პარტიის გულშემატკივრები. შვეიცარული ბანკის უკან ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ხედავენ და ამბობენ, რომ მათ ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და ომში ჩათრევა უნდათ.
მსგავსი განცხადებები ისმის მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია კითხვებს აჩენს.”
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შვეიცარიული ბანკის გარშემო ატეხილმა სკანდალმა და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა “ქართული ოცნების” ანტიამერიკული განწყობები კიდევ ერთხელ დადასტურდა.