TI: საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენება აუკრძალა
ცენზურა ქართულ მედიაში
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველს“, 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენება აუკრძალა.
აკრძალულ გამონათქვამებს შორისაა „რეჟიმი“, „პოლიტიკური პატიმრები“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „რეპრესიული კანონები“ და „სასამართლო კლანი“.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მიიჩნევს, რომ კომისია შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმებს კრიტიკული მედიის დასასჯელად და ფინანსურად დასასუსტებლად იყენებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომისიამ „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველს“ შვიდი მოხსენებითი ბარათი შეუდგინა. მათგან ოთხი „ფორმულას“ ეხებოდა, სამი კი „ტელეკომპანია პირველს“. თავდაპირველად მაუწყებლები სიტყვიერად გააფრთხილეს, შემდეგ კი თითოეული მათგანი ჯერ 2 500, მომდევნო შემთხვევაში კი 5 000 ლარით დააჯარიმეს. 1 ოქტომბერს „ფორმულას“ დამატებით 10 000 ლარის ჯარიმაც დაეკისრა.
TI-ს შეფასებით, სანქციების გაგრძელების შემთხვევაში, მსგავსი ჯარიმების დაწესება „ტელეკომპანია პირველსაც“ ემუქრება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისია მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს, ხოლო ფინანსური სანქციები ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში მოქმედი ტელევიზიებისთვის დამატებით ტვირთად იქცევა.
ორგანიზაციის შეშფოთებას განსაკუთრებით ამძაფრებს ის გარემოება, რომ კომისიას მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს. TI მიიჩნევს, რომ ამგვარი უფლებამოსილებების გამოყენებამ შესაძლოა კრიტიკული ტელევიზიების საქმიანობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
სად გადის ზღვარი მიუკერძოებლობასა და ცენზურას შორის
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს, ძირითადად, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევასა და მიმდინარე მოვლენების ჟურნალისტების პირადი დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებას ედავება. სწორედ ამ არგუმენტით მოითხოვს კომისია, რომ ტელევიზიებმა გარკვეული სიტყვებისა და გამონათქვამების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კომისიის მიერ მომზადებული შვიდივე მოხსენებითი ბარათი შეისწავლა. ორგანიზაციის მონაცემებით, დოკუმენტებში „ტელეკომპანია პირველისთვის“ 33, „ფორმულასთვის“ კი 68 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებაა მიჩნეული დაუშვებლად. გარკვეული გამონათქვამები ორივე მაუწყებლის შემთხვევაში მეორდება, რის შედეგადაც აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების საერთო რაოდენობა 93-ს შეადგენს.
თუმცა, ორგანიზაციის თანახმად, კომისიის მოთხოვნები მხოლოდ ცალკეული სიტყვების გამოყენებას არ ეხება. მოხსენებითი ბარათების მიხედვით, მარეგულირებელი კრიტიკული მაუწყებლებისგან ახალი ამბების შეფასებებისა და ანალიზისგან მაქსიმალურად დაცლილ ფორმაში გადმოცემასაც მოითხოვს.
ერთ-ერთ სადავო მონაკვეთში ჟურნალისტი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი არაფორმალური დანაყოფის შექმნის შესახებ საუბრობს და მას „მორალის პოლიციად“ მოიხსენიებს. სხვა სიუჟეტში გამოყენებულია შეფასება, რომ ხელისუფლებამ ჩეჩნური მოდელი გადაიღო, რომლის ფარგლებშიც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის შესაძლებლობას აძლევენ.
კომისიისთვის მიუღებელ გამონათქვამებს შორისაა ასევე ფრაზები აქტივისტების დაკავების, ვაშინგტონში მმართველი პარტიის წარმომადგენლების ვიზიტისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ. ერთ-ერთ ტექსტში ჟურნალისტი ხელისუფლებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეფერხებას ევროპის პოლიტიკას უკავშირებენ, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე აიღონ.
კომისიის პოზიციით, მსგავსი ფორმულირებები მაუწყებლის პირად დამოკიდებულებასა და მოსაზრებას გამოხატავს და საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას მიუკერძოებლობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება. მარეგულირებელი ამ შემთხვევებში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს.
პროსამთავრობო არხების მონიტორინგი და პოლიტიკური კონტექსტი
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კომისია შინაარსობრივი მონიტორინგის დაწყებით კრიტიკულ მაუწყებლებს მას შემდეგ დაემუქრა, რაც 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო ტელევიზიები „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა.
ბრიტანეთის სანქციების საფუძვლად, TI-ის თანახმად, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერა დასახელდა.
კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც, „იმედი“, „პოსტვ“ და „რუსთავი 2“ მოაქცია. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ფორმალური ხასიათი აქვს და კომისიის მიუკერძოებლობის წარმოჩენას ემსახურება, მაშინ როდესაც რეალური ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე ხორციელდება.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს კომისიის შემადგენლობასა და მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე. TI-ის შეფასებით, მარეგულირებელში “ქართული ოცნებისადმი” ლოიალური და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული წევრების ყოფნა გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დამატებით ეჭვებს აჩენს.
მედიის ფინანსური მდგრადობა საფრთხის ქვეშ
კრიტიკული მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმები იმ დროს იზრდება, როდესაც ტელევიზიები უკვე რთულ ფინანსურ პირობებში მუშაობენ. განმეორებითი სანქციები, მათი რაოდენობის ზრდა და ლიცენზიის შეჩერების შესაძლებლობა მაუწყებლების საქმიანობის გაგრძელების საკითხს უფრო მწვავეს ხდის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ კომისია არ უნდა მოქმედებდეს ცენზორის როლში და არ უნდა იყენებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს ხელისუფლების კრიტიკისთვის მედიის დასასჯელად. ორგანიზაციის პოზიციით, სადავო ჟურნალისტური მასალის განხილვისას უპირატესობა მედიის თვითრეგულირების მექანიზმებს უნდა მიენიჭოს.
TI-ის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანა თვითრეგულირების ხელშეწყობა უნდა იყოს და არა მაუწყებლების დასჯა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკისა და მხილების გამო.
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის ხელში მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტის არსებობა და აღნიშნულის საფუძველზე, მათთვის ფინანსური სანქციების დაწესებისა და ლიცენზიის შეჩერების უფლების მინიჭება. მით უფრო, როდესაც საქართველოში მყარად დამკვიდრებული და აშკარად გამოკვეთილი სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, წლებია, კომისია ქართული ოცნებისადმი ლოიალური და მასთან დაკავშირებული კომისიონერებით არის დაკომპლექტებული (კომინაციების კომისიის წევრების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს) და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს მმართველი გუნდის ინტერესების გატარებისა და მიკერძოების თვალსაზირისთ. კომინიკაციების კომისია არ უნდა ოპერირებდეს ცენზორის პოზიციიდან და ის არ უნდა იყოს გამოყენებული კრიტიკული მაუწყებლების დასჯის მექანიზმად. ხოლო საერთაშორისო პრაქტიკის გადათვალისწინებით, სადავო საკითხები თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა იხილებოდეს. სწორედ ამ უკანასკნელის წახალისება და ხელშეწყობა უნდა იყოს კომუნიკაციების კომისიის მთავარი მიზანიც და არა ქართული ოცნების ინტერესების სამსახურში ჩადგომა და მაუწყებლების დასჯა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკისა და მხილებისთვის.” – წერს “საერთოშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.”