"ბანკმა აშშ-ის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზეც განავრცო" - ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს უჩივის
ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს უჩივის
საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს უჩივის. ინფორმაციას მისი ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ბანკმა აშშ-ის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზეც განავრცო.
კალანდაძის თქმით, Julius Baer არის ბანკი, სადაც Credit Suisse-სთან დავის შემდეგ ივანიშვილმა აქტივების დიდი ნაწილი გადაიტანა.
ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავის შესახებ წაიკითხეთ აქ.
ადვოკატის მტკიცებით, ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. როგორც კალანდაძე განმარტავს, სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა, ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში.
“დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები.
უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა.
აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს; ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება.” – წერს ადვოკატი.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში კვლავ გართულდა ურთიერთობა, რადგან, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები.
ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ Julius Baer-ი ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულია მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე, Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.
“რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ.
ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.” – ამბობს ადვოკატი.
ლაშა კალანდაძე აღნიშნავს, რომ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. ადვოკატის თქმით, აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული.
“ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.
და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები
ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.”- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
ამასთან, OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით 13 იანვარს მიმართა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ცნობით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).