მოსაზრება: მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც "ოცნება“ მიგვაქანებს
ირაკლი კობახიძის განცხადება
“ლიბერალური აკადემიის” ხელმძღვანელის, ლაშა ტუღუშის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიმართ მკაცრი რიტორიკა არც 2008 წლის ომამდე და არც მის შემდეგ ყოფილა ისეთი, როგორიც დღეს არის, „ქართული ოცნების“ უკვე კარგად ნაცნობ პოლიტიკურ ნარატივს იმეორებს.
ტუღუში მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს ერთადერთ ძალად, რომელსაც ქვეყნის „გადარჩენა“ შეუძლია, ხოლო 2008 და 2022 წლების კონტექსტის ერთმანეთთან დაკავშირება პოლიტიკური თამაშის ნაწილია.
მისი თქმით, მტკიცება, თითქოს საქართველო ოდესმე პრორუსულად იყო განწყობილი, „ნონსენსია“, რადგან საზოგადოებაში რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, დადებით კონტექსტში წარმოჩენა ყოველთვის სამარცხვინოდ მიიჩნეოდა.
ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ოპოზიციის დამოკიდებულებას შორის კავშირებზე საუბრობს. მისი თქმით, „გლობალურ ომის პარტიას“ უკრაინაში მიმდინარე ომი სჭირდებოდა იმისთვის, რომ „რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“.

ლაშა ტუღუში: “რუსეთის საწინააღმდეგო განწყობები უფრო ადრე არსებობდა ქვეყანაში. მახსოვს, 90-იანი წლები, როდესაც ძალიან დიდი იყო ნეგატივი რუსეთის მიმართ. ასევე, აფხაზეთის ომის შემდეგაც…. ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს ორი თარიღია მნიშვნელოვანი 2008 და 2022 წელი.
საქართველო პრორუსულად განწყობილი არ მახსოვს, ეს ნონსენსია. მეტიც, ყოველთვის სამარცხვინო იყო რუსეთზე, როგორც სახელმწიფოზე წესიერ საზოგადოებაში გეთქვა, რომ რუსეთი კარგი სახელმწიფოა, რუსეთის სიმბოლოები დადებითად მოგეხსენიებინა….
რაც შეეხება 2008 და 2022 წლის კონტექსტს, ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმეორებენ ნარატივს, რაც მათ არაერთგზის გამოთქვეს. არის კეთილი და გადამრჩენელი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“, რომელიც ცდილობს საქართველო გადაარჩინოს.
ძველი ანეკდოტია: „კომპარტიას ამბობენ და ლენინს გულისხმობენ“… დაახლოებით ასეა. ერთ კაცს გულისხმობენ ან შესაძლოა მის ჩრდილში 1-2 ადამიანიც დავინახოთ, როდესაც გადამრჩენელებზე საუბრობენ. ვინც ამათთან არ არის, ყველა მტერია, თითქოს უნდათ საქართველო ღალატის საფუძველზე დამანგრეველ ომში ჩაითრიონ.
თუ ვინმეს კითხვები აქვს, შეუძლია გაიხსენოს, ვინ გააჩერა ევროკავშირთან ინტეგრაცია, როდის ითქვა, რა ითქვა. ვინ არის დღეს ანტიევროპული საქართველოში?! ვინ ებრძვის დასავლეთი ქვეყნების ელჩებს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ვინ ებრძვის შვედეთს, საფრანგეთს. ეფემერული მოგონილი შავი ხელი „დიფ სთეითის“ სახით… ეს ყველაფერი არ გაგონებთ ბავშვობაში, სოფელში რომ ასაკოვანი ხალხი ჭინკებსა და სულებზე საუბრობდა….
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ შეცდომა არ დაუშვა, ყველაფერი იდეალური იყო. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რაიმეს, არ შეიძლება „თეთრით“ და „შავით“ მსჯელობა. ყველაფერს სახელი უნდა დავარქვათ. თავისი ცოდვები ეყოფა წინა ხელისუფლებას, ამის გამო მიიღო სასჯელი, ამჯერად ვხედავთ, რომ თუ საუბარია რუსეთზე, დასავლეთსა და საქართველოზე, ჩვენნაირი ქვეყნები, ვისთანაც ვიყავით, დღე-დღეზე ევროკავშირის წევრები გახდებიან და ჩვენ ინტეგრაციის ნაცვლად, დეზინტეგრაციის პროცესში ვართ დასავლეთთან.
ორი ძირითადი საკითხია, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ეყრდნობა.
პირველი: შიშის ფაქტორი – მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, მტრები, რომლებიც აქ არიან „დიფ სთეითი“, „შავი ხელი“, „მწვანე ხელი“ გვიბიძგებს რომ ჩავერთოთ ამ ომში…ეს არის შიშის გარემოს შემქმნელი და ამას ეყრდნობა ხელისუფლება.
მეორეა ის, რომ გვართმევენ ქართველობას, იდენტობას.
ეს ორი მიმართულებაა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციას, ხალხი შეაშინონ და შეშინებულ ხალხს დაეყრდნონ, რათა ყოველთვის იყვნენ ხელისუფლებაში.
ფაქტია, დემოკრატიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც მათ უნდოდათ. ძალიან მნიშვნელოვანია კარგად დავინახოთ, თუ რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც ეს ხელისუფლება მიგვაქანებს, როგორ გამოიყურება. ეს ველი ბოლომდე ვერ მოასუფთავეს, არ გამოდის, დიდია წინააღმდეგობა, ხალხი ისევ იკრიბება ქუჩაში. თავად ხომ კარგად იციან, რომ ვერ დაასრულეს ის, რაც დაიწყეს. უნდათ, ჯოჯოხეთის ცეცხლი გააღვივონ, ახალ-ახალი საფუძველი მისცენ.
ბოლო წლები, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბევრი ნაბიჯია უკან და არცერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული წინ. ეს გზა არის ანტიეროვნული, ეს გზა აშენებს ავტორიტარიზმს, ეს გზა მიმართულია ქართველის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი კითხვა, მაქვს, მაგალითად, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“გამოასწოროს ის დრამატული შეცდომები, რაც დაუშვეს. ვისურვებდი, გამოძებნონ ეს გზა, რომ რაიმე გამოსწორდეს.”