ირაკლი კობახიძე: "გლობალურ ომის პარტიას“ უკრაინაში ომი რუსოფობიის გასაღვივებლად სჭირდებოდა
კობახიძე უკრაინაზე
ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ოპოზიციის დამოკიდებულებას შორის კავშირებზე საუბრობს. მისი თქმით, „გლობალურ ომის პარტიას“ უკრაინაში მიმდინარე ომი სჭირდებოდა იმისთვის, რომ „რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“.
კობახიძე წერს, რომ 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს „ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში“ რუსეთის მიმართ რადიკალური დამოკიდებულება გამოიკვეთა. მისი შეფასებით, მსგავსი განწყობა არ არსებობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული დატოვა.
პრემიერი განცხადებაში იხსენებს 2008 წლის ომის შედეგებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიას 412 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2232 ადამიანი დაიჭრა, ხოლო დაახლოებით 30 ათასი მოქალაქე იძულებით გადაადგილებული გახდა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზს მიღმა 120-ზე მეტი ქართული დასახლება დარჩა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ იმ პერიოდის ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“, რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია. მისი განცხადებით, ომის შემდეგ ხელისუფლება რუს ტურისტებსა და ინვესტორებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებდა, ხელს უწყობდა კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე რუსული კაპიტალის მონაწილეობას სხვადასხვა სექტორში და მოგვიანებით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც ცალმხრივად გააუქმა.
მისივე თქმით, მაშინ აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი არც ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც მათ მხარდამჭერებს არ გამოუხატავთ. კობახიძე ამ კონტექსტში ასახელებს რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს (ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები) და აცხადებს, რომ ისინი იმ პერიოდში რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას მხარს უჭერდნენ.
პრემიერის შეფასებით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები „გარედან მართულ აგენტურად“ ჩამოყალიბდნენ და რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოავლინეს.
კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის დღევანდელი „რუსოფობია“ არ არის გულწრფელი და მას „გარე ძალების დირექტივებს“ უკავშირებს. მისი თქმით, თუ ვინმეს რუსეთის მიმართ რადიკალური დამოკიდებულება უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უნდა მომხდარიყო და არა უკრაინაში რუსეთის მეორე შეჭრის შემდეგ.
განცხადების ბოლოს პრემიერი საზოგადოებას კითხვით მიმართავს და ამბობს, რომ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რატომ არ ჰქონდათ, მისი თქმით, „აგენტურას“ მსგავსი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ 2008 წლის ომის შემდეგ, ხოლო ის მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩამოუყალიბდათ. კობახიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოება ამ კითხვას „ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის“.
“მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ “დიპ სტეიტია”. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის”. – წერს კობახიძე.