გლდანის ციხის პატიმარი სასამართლოში ჩივის - მას ვეგანური საკვები არ მიაწოდეს
გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი ადმინისტრაციას ვეგანური საკვების არმიწოდების გამოს უჩივის. ის მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მსოფლმხედველობის, კერძოდ კი ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლია.
პატიმრის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მათი განცხადებით, მოსარჩელე არის ვეგანი და იკვებება მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით:
“2019 წელს იგი მოთავსებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან აცნობა ადმინისტრაციას ამის შესახებ და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა.
მიუხედავად თხოვნისა, მას არ მიეწოდა საჭირო საკვები, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც მოამზადებდა ვეგანურ საკვებს. ამასთან, ვეგანური პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში არ იყო ხელმისაწვდომი.”
საიაში ამბობენ, რომ ამ ყველაფრის შედეგად, პატიმარს ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული საკვების მხოლოდ მცირე ნაწილის მიღება შეეძლო. სწორედ ამიტომ, მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები.
პატიმარი ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლო საქმის განხილვა ხვალ, 18 მარტს დაიწყება.
__________________________________
● ოლიგარქიული გავლენები და პოლიტიზირებული სასამართლო – საქართველო Freedom House-ის ანგარიშში