გიორგი და გრიგოლ ვაშაძეებმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "მესამე ძალა" დააფუძნეს
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლატფორმა “მესამე ძალის” პრეზენტაციაზე გამართა და მასთან გაერთიანებული პოლიტიკოსები წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე იქნება.
“მესამე ძალის” სხვა წევრები ასევე იქნებიან:
- რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე;
- პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;
- იურისტი, ადვოკატი ვახტანგ იაშვილი;
- სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ბაღათურია;
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი.
პლატფორმა ასევე აერთიანებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის წევრებს თეონა აქუბარდიას, სერგო ჩიხლაძეს, პაატა მანჯგალაძეს, თეონა ჭალიძეს და სხვებს.
სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე კი წასულის შეცდომებზე ვერ სწავლობს.
“რამდენიმე რამე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. პირველი: პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს.
მეორე: ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში. და საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება და ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს.
ეკონომიკური განვითარება – თუ ჩვენ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან საზღვარგარეთ გაგვექცა, აღარც ნატო დაგვჭირდება და აღარც ევროკავშირი, შეიძლება, ეს სახელმწიფოც დავკარგოთ. აუცილებელია აბსოლუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებსა და ქალებზე, რადგან ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი ეს არის. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
_____________________________________________
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
●კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
_____________________________________________
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს არის დანიშნული. მმართველი გუნდი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ისევე როგორც ოპოზიცია.
თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელმოწერით ახალი დოკუმენტი შექმნა.
გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატია. ის 2018 წელს სალომე ზურაბიშვილთან მეორე ტურში დამარცხდა, პირველ ტურში კი თითქმის სალომე ზურაბიშვილის რაოდენობის ხმები მიიღო [ზურაბიშვილი – 38.64%, ვაშაძე – 37.73%].
ვაშაძე მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებულია. ის 1980-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
მან დიპლომატიური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში შეწყვიტა, რის შემდეგაც მოსკოვში განაგრძო ცხოვრება, დაიწყო კერძო ბიზნესი და ამასთან ერთად, თავისი მეუღლის, მოსკოვის დიდი თეატრის პრიმაბალერინის, ნინო ანანიაშვილის იმპრესარიო გახდა.
2008 წლის ნოემბერში, გრიგოლ ვაშაძე დაინიშნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად. იმავე წლის დეკემბერში კი მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ამ დროს, ვაშაძე ერთდროულად იყო, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქე, რის გამოც მას ოპოზიცია და საზოგადოება აკრიტიკებდა.