სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დააკისრა
გიგა ოთხოზორიას საქმე
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას 130 000 ევროს გადახდა დააკისრა.
საჩივარი ეხებოდა 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორიას საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მკვლელობას. ოთხოზორიას ოჯახის წევრები თვლიდნენ, რომ გიგა ოთხოზორიას მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება, დაირღვა.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონვენციის მე-2, სიცოცხლის უფლების მუხლი და ასევე 38-ე მუხლი, რაც რუსეთს აკისრებდა ვალდებულებას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის დეტალები წარედგინა.
● სუსი: სოხუმმა დაადასტურა გალში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტი
● ევროპარლამენტის რეზოლუცია: თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს
● გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე განცხადებას ავრცელებს
ადვოკატის კომენტარი
“მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.
მარტივად რომ აგიხსნათ სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.
მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა.
მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!” – წერს გიგა ოთხოზორიას ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე.
● “მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან”: გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა
● ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ “გაგრის ჯგუფის” 3 წევრს პატიმრობა შეეფარდა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, აფხაზეთის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. მას აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ 6 ტყვია ესროლა.
ოთხოზორიას მკვლელობა სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ და ოთხოზორიამ იკამათეს – ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია გალში პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა, რის საშუალებასაც აფხაზი მესაზღვრეები არ აძლევდნენ. კამათის შემდეგ კანჯი-ოღლიმ დატოვა საკონტროლო პუნქტი, გადავიდა სოფელ ხურჩის მხარეს და რამდენჯერმე ესროლა შეუიარაღებელ ოთხოზორიას.
ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი-ოღლის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამაც დაიწყო. ბრალდებულ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა.
თუმცა, 2017 წლის 21 აპრილს კანჯი-ოღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა და საქმე დაიხურა. სოხუმის სამხედრო პროკურორის, ადგუნ აგრბას თქმით, საქმეში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, რადგან ქართულმა მხარემ სოხუმს არ მიაწოდა საქმის განსახილველად საჭირო მასალები.
ამ დროისთვის რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
2018 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. “გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ” – ასე ეწოდება საქმეს, რომლის საჩივარშიც საია მიუთითებს, რომ ოთხოზორიას მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლები დაირღვა.