"მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან": გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა
6 წელი შესრულდა აფხაზი მესაზღვრის, რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას მკვლელობა სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, მკვლელი დღემდე დაუსჯელია.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობას დღეს საკუთარ ფეისბუქზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
“6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა.
მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.
ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად.” – წერს ღარიბაშვილი.
სოხუმის სამხედრო პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება სათანადო გამოძიებას არ ატარებს და არაფერს აკეთებს “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” 33-კაციანი სიის გასაფართოებლად, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები შედიან.
4 წლის წინ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი სამართალს ამჯერად უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეძებს. ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგში სარჩელი 2018 წლის იანვარში შეიტანა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, აფხაზეთის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. მას აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ 6 ტყვია ესროლა. ოთხოზორიას მკვლელობა სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ და ოთხოზორიამ იკამათეს – ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია გალში პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა, რის საშუალებასაც აფხაზი მესაზღვრეები არ აძლევდნენ. კამათის შემდეგ კანჯი-ოღლიმ დატოვა საკონტროლო პუნქტი, გადავიდა სოფელ ხურჩის მხარეს და რამდენჯერმე ესროლა შეუიარაღებელ ოთხოზორიას.
ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი-ოღლის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამაც დაიწყო. ბრალდებულ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 2017 წლის 21 აპრილს კანჯი-ოღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა და საქმე დაიხურა. სოხუმის სამხედრო პროკურორის, ადგუნ აგრბას თქმით, საქმეში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, რადგან ქართულმა მხარემ სოხუმს არ მიაწოდა საქმის განსახილველად საჭირო მასალები.