გერმანიაში დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება: გამოძიება აზერბაიჯანთან მის კავშირებს სწავლობს
გერმანიის დაზვერვამ აზერბაიჯანს ინფორმაცია გადასცა
გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ავგუსტ ჰანინგი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპოვების, სახელმწიფო ღალატის მცდელობისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის ინტერესებისთვის საქმიანობისთვის დააკავეს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელ უცხო ქვეყანაზეა საუბარი. თუმცა, Spiegel-ის ინფორმაციით, გამოძიება ჰანინგის აზერბაიჯანის დაზვერვის თანამშრომელთან შესაძლო კავშირებს ამოწმებს და ადგენს, ამზადებდა თუ არა ის მისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით ანალიტიკურ მასალებს.
ჰანინგი ასევე მრავალი წლის განმავლობაში გერმანია-აზერბაიჯანის ფორუმის მმართველი საბჭოს წევრია.
80 წლის ავგუსტ ჰანინგი, რომელიც გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს (BND) 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა, 6 ოქტომბერს დააკავეს. იმავე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია მისი აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი მანფრედ დ.-ც.
ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჰანინგის მიმართ არსებობს სერიოზული ეჭვი სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებულ ჯაშუშობაში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპოვებაში, სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და უცხო ქვეყნის დაზვერვის ინტერესებისთვის აგენტურ საქმიანობაში. მანფრედ დ.-ს სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და ჯაშუშობაში დახმარებას ედავებიან.
გამოძიება გრძელდება, ხოლო წარდგენილი ბრალდებების საფუძვლად არსებული ეჭვები სასამართლოს არსებითად ჯერ არ განუხილავს. ჰანინგის საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არსებობს.
დაახლოებით 2 ათასი დოკუმენტი BND-დან
გამოძიების ვერსიით, BND-დან წასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჰანინგი ყოფილ თანამშრომელს საიდუმლო ინფორმაციის მისთვის გადაცემაზე შეუთანხმდა.
ფედერალური პროკურატურის ვარაუდით, დაახლოებით 2010 წლის გაზაფხულზე ჰანინგმა და მანფრედ დ.-მ შეთანხმება დადეს, რომლის თანახმადაც დ.-ს ანაზღაურების სანაცვლოდ ყოფილი ხელმძღვანელისთვის BND-ში მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეგულარულად უნდა გადაეცა.
მანფრედ დ. ჰანინგთან ერთად BND-ში მუშაობდა, შემდეგ კი მას გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში გაჰყვა. 2012 წელს ის BND-ში დაბრუნდა და 2026 წლის მარტამდე სამსახურის შემდგომი ხელმძღვანელების აპარატში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამ პოსტზე მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, 2010-2022 წლებში მანფრედ დ.-მ ჰანინგს დაახლოებით 2 ათასი დოკუმენტი გადასცა. ამ დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა და BND-ში მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი.
მასალების ნაწილი BND-ის ხელმძღვანელობისთვის, ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერის უწყებაში სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრებისთვის იყო მომზადებული. WDR-ის, NDR-ისა და Süddeutsche Zeitung-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, დოკუმენტებს შორის იყო მასალები ირანის ბირთვული პროგრამისა და რუსეთის არმიის შესახებ, ასევე ინფორმაცია, რომელიც გერმანიის პარტნიორი სადაზვერვო სამსახურებისგან იყო მიღებული.
პროკურატურის ინფორმაციით, ჰანინგი ამ ინფორმაციის გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის, მათ შორის საკუთარი კერძო საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში გეგმავდა.
როგორ გაჩნდა აზერბაიჯანული კვალის ვერსია?
ფედერალური პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში არც აზერბაიჯანია ნახსენები და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო.
ოფიციალური ინფორმაციით, ჰანინგმა ერთხელ მანფრედ დ.-სგან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია გამოიყენა, რათა „უცხო ქვეყნის დაზვერვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლისთვის“ ანალიტიკური მასალა მოემზადებინა. გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, გადაეცა თუ არა ეს მასალა იმ პირს, ვისთვისაც იყო განკუთვნილი.
აზერბაიჯანული კვალის ვერსია გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებში გაჩნდა, რომლებიც გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობა.
Spiegel-ის ინფორმაციით, გამომძიებლები ამოწმებენ ჰანინგის შესაძლო კავშირს აზერბაიჯანის დაზვერვის თანამშრომელთან. გამოცემა ასევე წერს, რომ BND-ის საიდუმლო ინფორმაციის გამოყენებით ჰანინგის მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალა სწორედ ამ პირისთვის იყო განკუთვნილი. ეს ინფორმაცია ასევე გაავრცელეს WELT-მა, t-online-მ და გერმანიის სხვა მედიასაშუალებებმა.
ჰანინგი გერმანია-აზერბაიჯანის ფორუმის მმართველი საბჭოს წევრია
ჰანინგი უკვე მრავალი წელია Deutsch-Aserbaidschanisches Forum-ის, გერმანია-აზერბაიჯანის ფორუმის მმართველი საბჭოს წევრია.
2025 წლის აგვისტოში ფორუმის ახალი ხელმძღვანელობის არჩევის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ჰანინგი კვლავ არის მითითებული მმართველი საბჭოს წევრებს შორის. იმავე სიაშია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის წარმომადგენელი გერმანიაში ელმარ მამედოვიც.
ფორუმი საკუთარ თავს დამოუკიდებელ პლატფორმად წარმოაჩენს, რომელიც გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული კავშირების განვითარებას უწყობს ხელს. გერმანული ორგანიზაცია LobbyControl, რომელიც გერმანიაში ლობირების საკითხებს იკვლევს, მანამდე ფორუმს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ერთ-ერთ ლობისტურ სტრუქტურად ახასიათებდა.
ჰანინგი ფორუმის მმართველი საბჭოს წევრი უკვე მრავალი წელია. ჯერ კიდევ 2017 წელს Tagesspiegel წერდა, რომ BND-ის ყოფილი ხელმძღვანელი ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრი იყო. გამოცემის ცნობით, მაშინაც კი ფორუმის სტრუქტურებში ყოფილი მინისტრები, დეპუტატები და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები შედიოდნენ.
გერმანიაში „აზერბაიჯანთან დაკავშირებული“ წინა საქმე
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ჰანინგის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გერმანიაში აზერბაიჯანთან დაკავშირებული პირველი დიდი სკანდალი არ არის.
ბოლო წლებში გერმანიაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო გამოძიებული, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესების სასარგებლოდ პოლიტიკოსების სავარაუდო მოსყიდვას უკავშირდებოდა.
2025 წლის ივლისში მიუნხენის სასამართლომ ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ყოფილ დეპუტატ ედუარდ ლინტნერს ცხრა თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა აზერბაიჯანული წარმოშობის თანხების გადაცემაში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა იყო. სასამართლომ ეს პირდაპირ ხმების მოსყიდვად შეაფასა.
2026 წლის იანვარში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ყოფილ დეპუტატ აქსელ ფიშერს 14 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის პერიოდში ფიშერმა აზერბაიჯანისგან ათობით ათასი ევრო მიიღო, სანაცვლოდ კი ქვეყნის შესახებ დადებით განცხადებებს აკეთებდა და კონფიდენციალურ დოკუმენტებს გადასცემდა.
იურიდიული თვალსაზრისით, ეს საქმეები ჰანინგის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული არ არის. ლინტნერისა და ფიშერის საქმეებში საუბარი იყო პოლიტიკურ კორუფციასა და აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების ლობირებაზე. ჰანინგის საქმე კი სახელმწიფო საიდუმლოებასა და უცხო ქვეყნის დაზვერვის ინტერესების სასარგებლოდ სავარაუდო საქმიანობას ეხება.
გამოძიება შემთხვევით დაიწყო
ჰანინგის წინააღმდეგ ჯაშუშობის ეჭვი უჩვეულო ვითარებაში გაჩნდა.
2025 წლის სექტემბერში გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა ჰანინგის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც მეწარმე კრისტინა ბლოკის შვილების სავარაუდო გატაცებას უკავშირდებოდა. ჰანინგი ამ საქმეზე წარდგენილ ბრალდებებსაც უარყოფდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა BND-ის საიდუმლო მასალები აღმოაჩინეს. მოგვიანებით დოკუმენტები ფედერალურ უწყებებს გადაეცა, ხოლო 2026 წლის მაისში ჰანინგისა და მანფრედ დ.-ს წინააღმდეგ ფარული გამოძიება დაიწყო.
გამოძიების შედეგებს შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეს გერმანიის დაზვერვაზე. BND-ის ხელმძღვანელმა მარტინ იეგერმა განაცხადა, რომ უწყების შიგნითაც მიმდინარეობს შემოწმება და თავდაპირველმა ეჭვებმა დამატებითი დადასტურება მიიღო. გერმანელმა პარლამენტარებმა, რომლებიც სადაზვერვო სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ, მომხდარის ყოვლისმომცველი გამოძიება მოითხოვეს.