ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა
გენადი ბესტაევი გარდაიცვალა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა, რომელიც შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.
● საქართველოში ანტისაოკუპაციო პოლიტიკური საბჭო დაფუძნდა
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა 2019 წელს დააკავეს, მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დარღვევას და ნარკოტიკის კონტრაბანდას ედავებოდა.
ბესტაევს ცხინვალის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მას შემდეგ, რაც პატიმარს ინსულტი განუვითარდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ის შეიწყალა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაშინ აცხადებდნენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
● შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან
● „იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან
● ცხოვრება მავთულხლართებთან და მათ მიღმა
კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში.
როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.
ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა.
რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.