საქართველოში ანტისაოკუპაციო პოლიტიკური საბჭო დაფუძნდა
ანტისაოკუპაციო პოლიტიკური საბჭო
საქართველოში ანტისაოკუპაციო პოლიტიკური საბჭო დაფუძნდა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს. საბჭოში 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა: “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”. საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.
● შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან
● „იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან
● ცხოვრება მავთულხლართებთან და მათ მიღმა
საბჭოს წევრების თქმით, მათი მიზანია დააბრუნონ ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში:
“ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში.”
ორგანიზაციის დამფუძნებლების განმარტებით, ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა.
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის, მცოცავი ოკუპაციის მორიგი ტალღაა, რაც მიწის ნაკვეთების ხელახალ მიტაცებაში გამოიხატება. კირბალის, მეჯვრისხევის და ჯარიაშენის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ახალი ნიშნულები გააკეთეს და თხრილები გაავლეს.


