გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 10.3 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.
გასული წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკა 5.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო გასული წლის პირველი რვა თვის საშუალო კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.
2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:
● დამამუშავებელი მრეწველობა;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა;
● ვაჭრობა;
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
● სასტუმროები და რესტორნები,
● ტრანსპორტი და დასაწყობება,
● ხელოვნება, გართობა და დასვენება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა.
2021 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა ღვინის ექსპორტიც საქართველოდან. წელს საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რამაც ჯამში 145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია, 19 პროცენტითაა გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.