სომხური „არარატი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“ ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ერთდროულად იბრძოდნენ
უეფას ევროპის ლიგაზე, თითქმის ერთსა და იმავე დროს, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოდნენ სომხური „არარატ-არმენია“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“. მომდევნო ეტაპზე ამ გუნდებიდან მხოლოდ ერთი გავიდა.
პირველები მოედანზე სომეხი ფეხბურთელები გამოვიდნენ. მაგრამ არა იმ მოედანზე, რომელზეც გათვლა ჰქონდათ. უეფამ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო, სომხურ კლუბს სერბული „ცერნა ზვეზდას“ სომხეთის დედაქალაქში მიღება აუკრძალა. მატჩი კვიპროსში გაიმართა.
ფეხბურთის მცოდნეები მაღალ შეფასებას არ აძლევდნენ აღნიშნულ მატჩში სომხური კლუბის შანსებს. მათ, დიდი ევროპული გამოცდილების მქონე, ერთ დროს მთელი იუგოსლავიის უძლიერესი კლუბი დაუპირისპირდა. ექსპერტები საკუთარ მოლოდინებში არ შეცდნენ.
კვიპროსზე გამართული მატჩი სერბების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ორი მიღებული ბურთის შემდეგ, „არარატ-არმენიას“ მხრიდან ერთადერთი გოლი მოწინააღმდეგის კარში, კლუბის ნიდერლანდელმა ლეგიონერმა, მაილსონ ლიმამ გაიტანა.
კენჭისყრამ არც აზერბაიჯანულ „ყარაბაღს“ არგუნა უფრო მარტივი მოწინააღმდეგე. მათ ვარშავაში, პოლონეთის მოქმედი ჩემპიონი – „ლეგია“ უნდა დაემარცხებინათ.
მატჩის 50-ე წუთზე, აზერბაიჯანელებმა ანგარიში კაბო-ვერდელი ლეგიონერის, პატრიკ ანდრადეს ზუსტი დარტყმით გახსნეს. 12 წუთის შემდეგ, უკვე ფრანგმა აბდელა ზუბირმა ორამდე გაზარდა „ყარაბაღის“ უპირატესობა. აზერბაიჯანელები ამაზე არ გაჩერდნენ და 70-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა უკვე დიდი გახდა – 3:0. თავი ხორვატმა ფილიპ ოზობიჩმა გამოიჩინა. მატჩის ბოლომდე ტაბლოზე ეს ციფრები აღარ შეცვლილა.
ამრიგად, „ყარაბაღი“, რომელიც აზერბაიჯანულ ქალაქ აღდამს წარმოადგენს, ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებს უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.