ევროპარლამენტარები ღარიბაშვილს: ოპოზიცია თითქმის გვევედრა კანდიდატის სტატუსზე
ევროპარლამენტარები ღარიბაშვილს
ევროპარლამენტარები მარკეტა გრეგოროვა და ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე ეხმაურებიან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში, რომელმაც ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
მარკეტა გრეგოროვას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში არ უნახავს, სამაგიეროდ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ევროპარლამენტარებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირათ.
“იყავით ბრიუსელში? მე არ მინახიხართ. მაგრამ მე ვიყავი ოპოზიციასთან შეხვედრებზე და ყველა მათგანი თითქმის გვევედრა კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ ნუ ცრუობთ. ჩამოდით ბრიუსელში და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი” – წერს გრეგოროვა.

ფონ კრამონი კი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში ყოფნისას სთხოვა შეხვედრა, თუმცა, მისი თქმით, ღარიბაშვილისგან პასუხი არ მიუღია.
„მე მას პირადადაც კი ვთხოვე ბრატისლავაში, GLOBSEC-ზე ყოფნისას რომ შემხვედროდა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი. მე ამას ნამდვილად ვნანობ, მაგრამ სხვა რისი გაკეთება შეგვეძლო?“ – წერს ევროპარლამენტარი.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.
ეს აქცია რამდენიმე დღით წინ უსწრებდა საქართველოსათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირმა 24 ივნისს უნდა მიიღოს. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.