ევროკომისარმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა
ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა.
“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ საკითხს. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს.
კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმსჯელებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
● 10 ნაბიჯი ევროკავშირისკენ – სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს
● ევროკავშირის წევრობის განაცხადის შემდეგ რა პროცედურებს გადის ქვეყანა
● დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა. EU-ს წევრობაზე განაცხადის შეტანას მმართველი პარტია 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა უკრაინაში და კიევის მიერ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანამ, ეს პროცესი საქართველოშიც დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის თაობაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2 მარტს განაცხადა. ამ განცხადებას უსწრებდა 28 თებერვალს, უკრაინის განაცხადი იგივე მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დასავლეთში და საზოგადოების მოთხოვნა, მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინა.
ჯერ კიდევ 1 მარტს მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ განაცხადის წარსადგენად ქვეყანა ჯერ მზად არ იყო და პროცესი 2024 წლიდან უნდა დაწყებულიყო. 1 მარტს გამართულ მრავალათასიან აქციაზე თბილისში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. აქციის მონაწილეებმა ასევე პროტესტს გამოთქვეს უკრაინის მხარდაჭერაზე მთავრობის უარის გამო და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.