დრონების გაკვეთილები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. როგორ ითრევს რუსეთი ბავშვებს სამხედრო სისტემაში
დრონების გაკვეთილები რუსეთის სკოლებში

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა – უნივერსიტეტებიდან და კოლეჯებიდან დაწყებული, სკოლებითა და საბავშვო ბაღებით დასრულებული – მკვეთრად გაზარდეს უპილოტო საფრენი აპარატების, მათი ნაწილებისა და პილოტირების სასწავლო პროგრამების შესყიდვა. „ნოვაია გაზეტა ევროპის“ მონაცემებით, ბოლო ოთხ წელში ამისათვის თითქმის 16 მილიარდი რუბლი დაიხარჯა. ომამდე ასეთი ხარჯები წელიწადში დაახლოებით 300-350 მილიონ რუბლს შეადგენდა – მაშინ დრონებს ძირითადად ტექნოლოგიური კოლეჯები და პროფილური უნივერსიტეტები ყიდულობდნენ. თუმცა 2022 წლის შემდეგ, დრონებით სულ უფრო ხშირად ჩვეულებრივი სკოლებიც ინტერესდებიან.
საქმე ის არის, რომ ომმა დრონები თანამედროვე არმიის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცია. რუსეთს უკვე სასკოლო, ზოგჯერ კი სკოლამდელი ასაკიდანაც სჭირდება მომავალი ოპერატორების, ინჟინრებისა და ლოიალური შემსრულებლების დიდი რეზერვი. ფორმალურად ამას ხსნიან ტექნოლოგიურ და პროფესიულ ორიენტაციაზე მიმართული სწავლებით, სინამდვილეში კი საქმე ეხება კადრების ადრეულ მომზადებას მილიტარიზებული სისტემისთვის.
სახელმწიფო შესყიდვების მკვეთრი ზრდის ფონზე დრონები მსხვილი კონტრაქტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებული ფულის წყაროდ იქცა ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის. ამ ბიზნესში პუტინის ქალიშვილიც არის ჩართული.
მასალა მომზადებულია „ნოვაია გაზეტა ევროპის“ სტატიის მიხედვით.
რატომ შევიდა დრონები სკოლებში
დღეს დრონები რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ საკვანძო როლს ასრულებენ – დაზვერვიდან დაწყებული შორეულ სამიზნეებზე დარტყმამდე. ორივე ქვეყანამ უპილოტო ძალები უკვე ცალკე სახეობის ჯარებად გამოყო: უკრაინამ 2024 წელს, რუსეთმა – 2025-ში. ლატვიის დაზვერვის მონაცემებით, ორივე მხარეს ადამიანური დანაკარგების 70-80% დრონების დარტყმებზე მოდის. ამასთან, დრონების არმიას მხოლოდ აპარატები კი არა, ოპერატორების დიდი რაოდენობაც სჭირდება – აფრენილი დრონის წარმატება დიდწილად კადრების მომზადებაზეა დამოკიდებული.
2025 წლიდან რუსეთში სტუდენტებს აქტიურად მოუწოდებენ უპილოტო ძალებთან კონტრაქტების გაფორმებისკენ. თუმცა, ახალგაზრდების ჩართვა უფრო ადრეული ასაკიდან იწყება. The Insider-ი წერდა, რომ არასრულწლოვნებს საგანმანათლებლო წრეების საფარქვეშ ისეთ ტექნოლოგიებში რთავენ, რომლებიც შემდეგ ფრონტზე გამოიყენება.
როგორ გაიზარდა შესყიდვები ომის შემდეგ
თუ 2019-2021 წლებში უნივერსიტეტები, კოლეჯები და სკოლები ამ მიზნებისთვის წელიწადში 300-350 მილიონ რუბლს ხარჯავდნენ, 2022 წელს ხარჯი 600 მილიონამდე გაიზარდა, 2023-ში – 2,6 მილიარდამდე, 2024-ში – 9,7 მილიარდზე მეტამდე. 2025 წელს მოცულობა დაახლოებით 2,8 მილიარდ რუბლამდე შემცირდა, სავარაუდოდ, ადრე გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტების გამო.
ომამდე დრონებს ძირითადად ტექნოლოგიური კოლეჯები და პროფილური უნივერსიტეტები ყიდულობდნენ. 2022 წლის შემდეგ მათით სულ უფრო ხშირად ჩვეულებრივი სკოლებიც ინტერესდებიან. ომის პერიოდში ორი უმსხვილესი კონტრაქტი, თითქმის 3,5 მილიარდ რუბლზე, მოსკოვის იმ სახელმწიფო სტრუქტურებმა გააფორმეს, რომლებიც სკოლებისა და კოლეჯების აღჭურვაზე არიან პასუხისმგებელი. მსხვილ შემსყიდველებს შორის ბევრი რეგიონული განათლების სამინისტროცაა. დრონები მოსკოვის ქორეოგრაფიის აკადემიაშიც აღმოჩნდა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატები დამატებითი განვითარების მეცადინეობების სიაშია შეტანილი.
ვინ იღებს მილიარდებს
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უპილოტოების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია პეტერბურგული კომპანია „გეოსკანი“. 2022 წლამდე ის აეროფოტოგადაღებით, კარტოგრაფიითა და სასწავლო დრონებით იყო დაკავებული. ომის დაწყებისა და 2024 წელს ეროვნული პროექტის – „უპილოტო საავიაციო სისტემების“ – ამოქმედების შემდეგ კომპანია მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორად გადაიქცა.
2023 წელს „გეოსკანის“ კაპიტალში შევიდა ფონდი „ინოპრაქტიკა“, რომელსაც ვლადიმირ პუტინის ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, ხელმძღვანელობს. 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 3,6-ჯერ გაიზარდა და 4,74 მილიარდ რუბლს მიაღწია, მოგება კი ექვსჯერ გაიზარდა. მოსკოვის მთავრობასთან „გეოსკანმა“ 2030 წლამდე 1,7 მილიარდი რუბლის კონტრაქტი გააფორმა და ვალდებულება აიღო, რომ დედაქალაქში დრონების წარმოებაში მინიმუმ 150 მილიონ რუბლს დააბანდებს. დამატებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან 52 კონტრაქტით კომპანიამ 400 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.

დრონები სასკოლო პროგრამაში
2024 წელს უპილოტოებთან დაკავშირებული თემები სასკოლო საგანში „შრომა (ტექნოლოგია)“ შეიტანეს. 7-9 კლასებში დრონებს 15 საათი ეთმობა.
გეგმაშია, რომ მოსწავლეებს ასწავლონ უპილოტო აპარატების აწყობა, მათი პროგრამირება და მართვა, მათ შორის FPV სათვალეების გამოყენებით. ფორმალურად სკოლებისთვის დრონების შეძენა სავალდებულო არ არის: პრაქტიკული მეცადინეობები შეიძლება სიმულატორებით ჩანაცვლდეს. 2023 წელს რუსეთის განათლების სამინისტრო აცხადებდა, რომ გეგმავდა თითქმის 5000 სკოლისა და დაახლოებით 400 კოლეჯის აღჭურვას უპილოტოებით. შედარებისთვის, რუსეთში სულ დაახლოებით 40 ათასი სკოლაა.
სასკოლო სახელმძღვანელოებში არ არსებობს სპეციალური თავებიმ, სადაც უპილოტოების სამხედრო გამოყენებაზე იქნება საუბარი. სახელმძღვანელოებში საუბარია ტვირთების მიწოდებაზე, აეროფოტოგადაღებაზე, სოფლის მეურნეობაზე, დრონ-შოუებზე და მხოლოდ გაკვრით – სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებაზე. თუმცა, პრაქტიკაში სამხედრო კომპონენტი განათლების სისტემაში უკვე ჩაშენებულია.
მასწავლებლები, რომლებმაც მოსწავლეებს უპილოტო აპარატებს უნდა გააცნონ, გადიან სპეციალურ მომზადებას სამხედრო-სპორტულ ცენტრში „მეომარი“. ამ ცენტრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ინსტრუქტორების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეა.
დრონების სამხედრო გამოყენებას მოსწავლეები სწავლობენ სავალდებულო საგნის – „უსაფრთხოებისა და სამშობლოს დაცვის საფუძვლების“ ფარგლებში. მე-10 კლასში უპილოტო საფრენ აპარატებს ცალკე გაკვეთილი ეთმობა ფორმულირებით: „შეიარაღებული ბრძოლის ეფექტიანი საშუალება“.
თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი პაველ ლუზინი მიიჩნევს, რომ ასეთი პროგრამების პრაქტიკული ეფექტი, მიუხედავად ხარჯების მასშტაბისა, შეზღუდული იქნება. მისი აზრით, სასკოლო პირობებში, რამდენიმე საათში შეუძლებელია სერიოზული ოპერატორების მომზადება, ამიტომ ამ აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო ბიუროკრატიულ იმიტაციას ჰგავს, ვიდრე კადრების მომზადების რეალურად მოქმედ სისტემას.
რატომ ყიდულობენ დრონებს საბავშვო ბაღები
ცალკე ყურადღებას საბავშვო ბაღები იქცევენ.
„ნოვაია გაზეტა ევროპამ“ შესყიდვები აღმოაჩინა სკოლამდელ დაწესებულებებშიც. გაურკვეველია, კონკრეტულად რა მიზნით იყენებენ იქ დრონებს. ერთ-ერთი ასეთი საბავშვო ბაღი, „მოზაიკა“ პერმის მხარეში, სოციალურ ქსელებში ჰყვება, რომ აქვს რობოტექნიკის წრეები, სადაც ბავშვები სიმულატორებზე უპილოტო აპარატებს მართავენ და პატარა მოწყობილობების ფრენებს აკვირდებიან. ამავე დროს აღსაზრდელებს სამხედრო ლოგიკასაც აცნობენ: თამაში „ზარნიჩკის“ ფარგლებში ბავშვებს სთავაზობდნენ შეესრულებინათ დავალება „მტრის დრონი“ – ქვიშის ტომსიკებით ჩამოეგდოთ თოკზე დაკიდებული ბუშტი. თუ 2020 წელს ეს საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ აქვეყნებდა პოსტებს ჰეშთეგით „МирНаЗемле“ (მშვიდობა დედამიწაზე) ახლა უკვე პერმის სამხედრო კომისარიატის მოწოდებებს აზიარებს, რომლებიც კონტრაქტით სამსახურში ჩაწერას ეხება.
როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მიმდინარე პროცესის მთავარი აზრი: უპილოტოები რუსეთის განათლების სისტემაში მხოლოდ ტექნიკური მომზადების ნაწილად კი არ იქცევა, არამედ ბავშვებისა და ახალგაზრდების ადრეული მილიტარიზაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტადაც.
exchange