ტრამპის შემდეგ პეკინში პუტინი ჩავიდა. რა დგას „ურღვევი მეგობრობის“ დაპირებების უკან?
პუტინის ვიზიტი პეკინში

ვლადიმირ პუტინის ვიზიტი პეკინში 19-20 მაისს სავსე იყო განცხადებებით რუსეთისა და ჩინეთის „შესანიშნავ ურთიერთობებზე“. ფორმალურად ვიზიტი პროდუქტიულად გამოიყურებოდა: მხარეებმა 42 დოკუმენტი მოაწერეს ხელს. თუმცა მათ შორის გარღვევის მნიშვნელობის შეთანხმება არ ყოფილა. მთავარი საკითხი – მომავალი გაზსადენის, „ციმბირის ძალა – 2“-ის გაზის ფასი – კვლავ გადაუჭრელი დარჩა.
ჩინეთისთვის ეს ვიზიტი მაინც მნიშვნელოვანი იყო – არა მხოლოდ შინაარსით, არამედ სიმბოლურადაც. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის რამდენიმე დღის ინტერვალით მიღებით, პეკინი წარმოჩინდა როგორც მსოფლიო დიპლომატიის მთავარი ცენტრი – ქვეყნა, სადაც ჩასვლა ვაშინგტონსაც უწევს და მოსკოვსაც.
“ნოვაია გაზეტა ევროპას” მასალის მიხედვით.
„დაე, მეგობრობა მარად გაგრძელდეს“
პუტინი პეკინში 19 მაისის საღამოს ჩავიდა – დონალდ ტრამპის გამგზავრებიდან ოთხ დღეში. ამერიკის პრეზიდენტს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენი დახვდა, რუსეთის პრეზიდენტს კი – საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. ფორმალურად ჰან ჟენი სახელმწიფო იერარქიაში უფრო მაღლა დგას, მაგრამ ვან ის პოლიტიკური წონა გაცილებით დიდია: ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრია.
ცერემონია სტანდარტული იყო: საპატიო ყარაული, სამხედრო ორკესტრი, ბავშვები დროშებით და შეძახილებით – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ თუმცა მოსკოვმაც და პეკინმაც ვიზიტს წინასწარ მიანიჭეს განსაკუთრებული საზეიმო მნიშვნელობა.
ვიზიტამდე პუტინმა „ძვირფასი ჩინელი მეგობრებისთვის“ ვიდეომიმართვა ჩაწერა და ისაუბრა ურთიერთობების „უპრეცედენტო დონესა“ და მათი განვითარების „უსაზღვრო პოტენციალზე“. რუსეთის პროპაგანდა აქტიურად ავრცელებდა თეზისს ორი ხალხის „ურღვევ მეგობრობაზე“. РИА „Новости“ ჩინელი მომხმარებლების კომენტარებს ასე აჯამებდა: „დაე, ჩინეთ-რუსეთის მეგობრობა მარად გაგრძელდეს“.
ჩინეთის ოფიციალური რიტორიკაც არანაკლებ საზეიმო იყო. Global Times წერდა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა, „მხარდამხარ დგომით“, ღრმა ნდობასა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას მიაღწიეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა „კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს ხალხების ცნობიერებაში“.
ამ კავშირის სიმბოლო უნდა გამხდარიყო პუტინის შეხვედრა ჩინელ ინჟინერ პენ პაისთან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პუტინმა ის ბავშვობაში, 2000 წელს ნახა; მოგვიანებით პენ პაი მოსკოვში სწავლობდა, ახლა კი დიდ ჩინურ კომპანიაში მუშაობს.
მოლაპარაკებების დროს სი ძინპინი და პუტინი ასევე საუბრობდნენ „ორი ხალხის დაახლოებასა“ და პოლიტიკურ-სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების „ურყევ ნებაზე“.
ორი დელეგაცია: ჩინოვნიკები კორპორაციების წინააღმდეგ
რუსეთის დელეგაციის მასშტაბს ვიზიტის სერიოზულობა უნდა ეჩვენებინა. უშაკოვის თქმით, დელეგაციაში 39 ადამიანი შედიოდა, მათ შორის მთავრობის 13 წევრი. თითოეულ მათგანს პეკინში საკუთარი შეხვედრები და ამოცანები ჰქონდა.
ამერიკული დელეგაცია, რომელიც პეკინში 13-15 მაისს იმყოფებოდა, სახელმწიფო მოხელეების დონეზე ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო. ტრამპთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი. სამაგიეროდ, ბიზნესშემადგენლობა ბევრად უფრო ძლიერი იყო: პეკინში ჩავიდნენ Tesla-ს, Nvidia-ს, Apple-ის, Boeing-ის, BlackRock-ის, Goldman Sachs-ის, Citigroup-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები.
ეს კარგად აჩვენებს მიდგომებს შორის სხვაობას. რუსეთმა ჩინეთში სახელმწიფო ვერტიკალი ჩაიყვანა. აშშ-მ – პოლიტიკური დელეგაცია და მსხვილი ბიზნესი. ჩინეთი კი ორივე მხარეს ისე იღებდა, რომ საკუთარი არბიტრის სტატუსი გაესვა ხაზზე.
42 დოკუმენტი მთავარი გადაწყვეტილების გარეშე
არაფორმალური შეჯიბრი მოლაპარაკებების შედეგებზეც მიმდინარეობდა. ტრამპისა და სის შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი საჯარო შეთანხმებები არ გამოჩენილა. ტრამპი საუბრობდა აშშ-დან ჩინეთში ნავთობის შესაძლო მიწოდებაზე და ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენაზე, მაგრამ ეს შეთანხმებები საბოლოოდ არ გაფორმებულა. ჩინეთის დაპირება, რომ Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეიძენდა, მხოლოდ ნაწილობრივი წარმატება აღმოჩნდა: ბაზარი 500 თვითმფრინავის გარიგებას ელოდა.
ექსპერტები ტრამპის ვიზიტის შედეგებს ასე აფასებდნენ: „ბევრი პომპეზურობა, ბევრი სიმბოლიზმი, მაგრამ ცოტა შინაარსი“.
კრემლმა წინასწარ დააანონსა დაახლოებით 40 დოკუმენტის ხელმოწერა. საბოლოოდ ხელი 42 დოკუმენტს მოეწერა – უფრო მეტს, ვიდრე წინა შეხვედრების შემდეგ. მაგრამ რაოდენობა გარღვევას არ ნიშნავდა.
ჩინეთის საკითხების სპეციალისტი ალექსანდრ გაბუევი ადრე აღნიშნავდა, რომ რუსეთ-ჩინეთის სამიტებში უკვე არსებობს „მოხეტიალე“ თემატური ბლოკები: ბევრი ახალი დოკუმენტი ფაქტობრივად ადრე ხელმოწერილ შეთანხმებებს ავსებს. ხშირად ეს არის თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, მათ შორის პროპაგანდის ორგანოებს შორის.
ასე იყო ამჯერადაც. მაგალითად, ТАСС-მა და „სინჰუამ“ მედიატურებზე მოილაპარაკეს: ორი ქვეყნის ჟურნალისტები რუსეთის „ოქროს რგოლის“ ქალაქებს, ჩინეთში კი მდინარე იანძის ეკონომიკურ სარტყელსა და დიდი ყურის რეგიონს ეწვევიან.
დოკუმენტები ეხებოდა მრეწველობას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, მშენებლობას, განათლებას, კინოსა და ატომურ ენერგეტიკას. მათ შორის იყო შეთანხმებები რუსული კომბინირებული საკვების ფიტოსანიტარულ მოთხოვნებზე, რუსეთ-ჩინეთის პერსპექტიული ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შექმნაზე, ერთობლივ კინოწარმოებასა და ზაბაიკალსკი-მანჯურიის რკინიგზის გაფართოებაზე. დოკუმენტების მესამედზე მეტი განათლებასა და უნივერსიტეტებს უკავშირდება.
ჩინეთის მკვლევრის, თემურ უმაროვის თქმით, ამ დოკუმენტების უმეტესობა მემორანდუმია და არა იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება. მისი შეფასებით, მათი მთავარი ფუნქცია დემონსტრაციულია – აჩვენოს, რომ თანამშრომლობა „დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ“.
ძველი ფორმულები ახალ მსოფლიოზე
მოსკოვმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ხმაურიანი სახელწოდების მქონე დოკუმენტებზე: „ერთობლივ დეკლარაციაზე მრავალპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“ და „ერთობლივ განცხადებაზე ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განმტკიცების შესახებ“.
მაგრამ ამ ტექსტებში გამოყენებული ფორმულირებები ახალი არ არის. ისინი უკვე რამდენიმე წელია ერთი განცხადებიდან მეორეში გადადის.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ცალკეული სახელმწიფოების მცდელობა, „ერთპიროვნულად მართონ მსოფლიო საქმეები“ და საკუთარი ინტერესები სხვებს მოახვიონ თავს, კრახით დასრულდა. შემდეგ მოდის კრიტიკა „ნეოკოლონიური ტენდენციების“, „ჰეგემონიზმისა“ და „ბლოკური კონფრონტაციის“ მიმართ. აშკარაა, რომ აქ პირველ რიგში აშშ და მისი მოკავშირეები იგულისხმებიან და არა რუსეთი ან ჩინეთი.
უკრაინას დიდ დოკუმენტში მხოლოდ ერთი აბზაცი ეთმობა, თანაც ტექსტის ბოლოსკენ. მოსკოვმა და პეკინმა განაცხადეს, რომ საჭიროა „უკრაინის კრიზისის პირველმიზეზების“ აღმოფხვრა, ხოლო რუსეთმა ჩინეთი „ობიექტური და მიუკერძოებელი პოზიციისთვის“ შეაქო. 2022 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებებთან შედარებით, ამ თემაზე ახალი არაფერი თქმულა.
გაზის ჩიხი
მთავარი გარღვევა არ შედგა „ციმბირის ძალა – 2“-ის პროექტზე. გასულ წელს პუტინი და სი შეთანხმდნენ, რომ არსებული მარშრუტებით ჩინეთში გაზის მიწოდება 8 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდებოდა, ასევე ხელი მოეწერა ახალი გაზსადენის მშენებლობის მემორანდუმს. მარტში ჩინეთის ხელისუფლებამ პროექტი პირველად შეიტანა ეკონომიკური განვითარების ხუთწლიან გეგმაში. მაგრამ ფასის საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
პეკინი მოითხოვს პირობებს, რომლებიც შიდა რუსულ ფასებთან ახლოსაა – დაახლოებით 50 დოლარი ათას კუბურ მეტრზე. ეს მნიშვნელოვნად დაბალია მოქმედ ფასებზე. Bloomberg-ის მონაცემებით, წელს ჩინეთი რუსულ გაზში ათას კუბურ მეტრზე 258 დოლარს გადაიხდის – 38 პროცენტზე მეტით ნაკლებს, ვიდრე რუსული გაზის რამდენიმე დარჩენილი ევროპელი მყიდველის საშუალო ფასი.
ჩინეთს ასევე სურს მინიმალური სავალდებულო შესყიდვები, ანუ take or pay პრინციპის შეზღუდული ვერსია. როგორც ალექსანდრ გაბუევი განმარტავს, პეკინს სურს გარანტირებულად იყიდოს მხოლოდ 10-20 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში, ხოლო დანარჩენი 30-40 მილიარდი დატოვოს როგორც არასავალდებულო ვარიანტი – ბაზრის ვითარებიდან გამომდინარე და სხვა მომწოდებლებზე ზეწოლის ინსტრუმენტად.
ჩინეთის პოზიცია ძლიერია: ევროპული ბაზრის დიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ რუსეთს მყიდველების არჩევანი შეზღუდული აქვს. პეკინი ამას ხედავს და არ ჩქარობს.
თემურ უმაროვის შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის, როგორც ენერგომომწოდებლის, მნიშვნელობა ჩინეთისთვის გაიზარდა. მაგრამ ჩინეთი, როგორც წესი, კრიზისის მომენტში არ იღებს ათწლეულებზე გათვლილ გადაწყვეტილებებს. მისი სტრატეგიაა დაელოდოს ისეთ პირობებს, რომლებიც მინიმუმ ირანში ომამდე არსებულზე უარესი არ იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი – კიდევ უფრო მომგებიანი.
ვაჭრობა იზრდება, დამოკიდებულება არათანაბარია
ვიზიტის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ დიდი ხანია 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ანგარიშსწორება თითქმის მთლიანად რუბლსა და იუანში ხდება.
მაგრამ მან არ ახსენა მთავარი დისბალანსი. ჩინეთზე მოდის რუსეთის იმპორტის მესამედზე მეტი და ექსპორტის მეოთხედზე მეტი. ჩინეთისთვის კი რუსეთის წონა გაცილებით მცირეა: დაახლოებით 5 პროცენტი იმპორტში და 3 პროცენტი ექსპორტში.
რუსეთი ჩინეთს ძირითადად ნავთობს, ნახშირსა და გაზს აწვდის. ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის გამოთვლით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ჩინეთმა რუსული წიაღისეული ენერგორესურსები 319 მილიარდ ევროზე, ანუ 372 მილიარდ დოლარზე მეტად შეიძინა.
ჩინეთი, თავის მხრივ, რუსეთს აწვდის ელექტრონიკას, მოწყობილობებსა და ავტომობილებს. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი ჩინეთის გავლით იმპორტირებს სანქციების ქვეშ მოქცეული ტექნოლოგიების 90 პროცენტზე მეტს. ეს დახმარება მოსკოვს შეიარაღების, მათ შორის რაკეტებისა და დრონების, წარმოების გაზრდაში ეხმარება.
ფარული თანამშრომლობა და ომი უკრაინაში
პუტინის ვიზიტის დაწყების დღეს Reuters-მა, ევროპულ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის ომისთვის სამხედროების მომზადებაში ეხმარებოდა. სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 200 რუსმა ჯარისკაცმა ჩინეთში ფარულად გაიარა წვრთნა და ფრონტზე დაბრუნდა. აქცენტი კეთდებოდა დრონებზე, რადიოელექტრონულ ბრძოლაზე, არმიის ავიაციასა და ჯავშანტექნიკის ჯგუფების მოქმედებაზე.
საჯაროდ ვიზიტის დროს ეს თემა თითქმის არ გაჟღერებულა. პუტინმა მხოლოდ თქვა, რომ სისთან „აქტუალური საერთაშორისო საკითხები“ განიხილა, დეტალების გარეშე.
ტრამპის ვიზიტის დროსაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საჯაროდ არ განხილულა. თუმცა მოგვიანებით Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სიმ ტრამპს თითქოს უთხრა: პუტინმა შეიძლება საბოლოოდ ინანოს უკრაინაში ომის დაწყების გადაწყვეტილება. პეკინმა ეს უარყო და პუბლიკაციას „სუფთა გამონაგონი“ უწოდა.
ჩინეთი როგორც სცენა ყველასთვის
მიუხედავად იმისა, რომ გარღვევის შეთანხმებები არ გაფორმებულა, პუტინის ვიზიტი ჩინეთისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყო. ტრამპისა და პუტინის თითქმის მიყოლებით მიღებით, პეკინმა აჩვენა თავი ქვეყნად, სადაც კონკურენტი ძალის ცენტრები მიდიან.
„ის, რომ პუტინი ტრამპის შემდეგ მალევე ჩავიდა, შემთხვევითობაა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო იმის გამო, რომ ირანში ომი ძალიან შორს წავიდა. თავიდან ასე დაგეგმილი არ იყო, – თქვა თემურ უმაროვმა. – მაგრამ მთლიანობაში ჩინეთისთვის ეს კარგად გამოვიდა, რადგან ახლა ის გამოიყურება ქვეყნად, სადაც ყველა მიიჩქარის და რომლის გადაბირებასაც ყველა ცდილობს“.
ვაშინგტონისთვის გზავნილი აშკარა იყო: ჩინეთი მზად არის დასავლეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ აპირებს რუსეთზე უარის თქმას ან დასავლური წესებით აგებული მსოფლიო წესრიგის მიღებას.
სი ძინპინი საუბრობდა „ჩინელი ერის აღორძინებაზე“ და მზადყოფნაზე, განვითარების შესაძლებლობები რუსეთსა და სხვა ქვეყნებს გაუზიაროს. მან ასევე თქვა, რომ მსოფლიოს „ჯუნგლის კანონისკენ“ დაბრუნება ემუქრება „ცალმხრივი მოქმედებებისა და ჰეგემონიის“ გამო – გამჭვირვალე მინიშნება აშშ-ზე.
პუტინმა ეს თეზისი აიტაცა და განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი „სოლიდარულად გამოდიან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დაცვისთვის“. სიმ ამ ფორმულას არ შეუწინააღმდეგა, თუმცა რუსეთის ომის კონტექსტში უკრაინის წინააღმდეგ ის მინიმუმ სადავოდ გამოიყურება.
ამავე ლოგიკაში ჯდება ეპიზოდი ტრამპის ვიზიტის დროს. 15 მაისს სი მას ჟუნნანჰაის ბაღებში ასეირნებდა – კომპლექსში, სადაც ჩინეთის ხელმძღვანელობა მუშაობს. ტრამპმა ჰკითხა, ხშირად მიჰყავს თუ არა იქ უცხოელი ლიდერები. „ძალიან იშვიათად, – უპასუხა სიმ და დაამატა: – მაგალითად, აქ პუტინი იყო“.
ამგვარმა თანაბარი დისტანციის პოლიტიკამ შეიძლება ჩინეთი პუტინისა და ტრამპის მომავალი შეხვედრის პლატფორმადაც აქციოს. ნოემბერში იქ APEC-ის სამიტი გაიმართება, სადაც ჩასვლას ორივე ლიდერი გეგმავს. კრემლმა უკვე მიანიშნა, რომ სამიტის ფარგლებში მათი მოლაპარაკებები გამორიცხული არ არის.
exchange