ნოვაია გაზეტა: უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავების თითქმის მესამედი შეაჩერა
გაზიარება
გაზიარება
უკრაინული დრონების თავდასხმა რუსულ ნავთობობიექტებზე
რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების დაახლოებით 32 პროცენტი, რაც ქვეყანაში ბენზინის წარმოების დაახლოებით 28 პროცენტს უზრუნველყოფს. ამას „ნოვაია გაზეტა ევროპას“ გათვლები აჩვენებს.
ბოლო დარტყმები. სააგენტო Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 მაისს დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა სრულად შეაჩერა „რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ“. ეს გადამუშავების მოცულობით რუსეთის მესამე უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა – მისი სიმძლავრე წელიწადში 17.1 მილიონ ტონას შეადგენს.
გარდა ამისა, Reuters-ის წყაროების თანახმად, 17 მაისს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ კაპოტნიაში. ეს ქარხანა რუსეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების სიაში მეცხრე ადგილზეა, მისი გადამუშავების მოცულობა წელიწადში 12 მილიონ ტონას შეადგენს.
Reuters-ის წყაროები ხაზს უსვამენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მცირე ზიანი მიაყენა, თუმცა მუშაობა რისკების თავიდან ასაცილებლად შეწყდა. ქარხანამ შესაძლოა მუშაობა უახლოეს დღეებში განაახლოს.
20 მაისს ასევე, უკრაინული დრონების დარტყმების შემდეგ, კსტოვოში მდებარე „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ის წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. შეაჩერა თუ არა ქარხანამ მუშაობა, უცნობია. „ნოვაია-ევროპის“ გათვლებში ის არ შესულა.