მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა განაჩენი, რომლის მიხედვით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ.
კერატიშვილმა სამივე თავდამსხმელს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, ეს ვადა კი დღეს, 25 აგვისტოს იწურება.
კერძოდ:
● სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ცემის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
● ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო მოსამართლემ და ასევე, მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა;
● გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვახო სანაიას მხარდამჭერების აქცია სასამართლოსთან. ფოტო: ფორმულა
ვახო სანაიას თქმით, საქართველოს სამარცხვინო სასამართლო აქვს და სწორედ ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რამაც მოიტანა 5 ივლისი.
“ამ მოსამართლემ, რომელსაც აბარებენ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ სასამართლოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და საზოგადოების დამოკიდებულება”, – განაცხადა ვახო სანაიამ.
სასამართლოს არაობიექტურობაზე საუბრობს “ფორმულას”კიდევ ერთი ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილიც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მწვანე შუქს უნთებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას:
“წარმოუდგენელია, რომ ამ ტიპის სასამართლოში მომუშავე მოსამართლეს მიეღო რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება. ეს ადამიანები გამოვლენ, გათავისუფლდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენს, ვისაც ასე ქუჩაში შეურაცხყოფის მოყენება მოუნდება, დავალებით ან საკუთარი ინტერპრეტაციებით, რაღაც მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მას შეუძლია თავისუფლად გააკეთოს იგივე. თან ეს ხდება 5 ივლისის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ დავკარგეთ კოლეგა, სწორედ მსგავსი წახალისებული ადამიანების მხრიდან აგრესიული ქმედებების შედეგად.”
მიმდინარე წლის თებერვალში, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სანაიას თქმით, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან მას თავს სწორედ მას შემდეგ დაესხნენ, რაც ჟურნალისტი იცნეს.
შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, ღამის პირველის ნახევარზე მოხდა. სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ სამი ადამიანი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.