კონფერენცია "დიდება უკრაინას" მონაწილეები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
“დიდება უკრაინას” მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
საერთაშორისო კონფერენციის “დიდება უკრაინას” მონაწილე ევროპარლამენტარები და დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დეივიდ კრამერი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეები ადგილზე შეხვდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს და ოძისში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. უცხოელი პოლიტიკოსები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი საქართველოში და რა პოლიტიკას უპირისპირებს საქართველო მცოცავ ოკუპაციას.
“აქ [ოძისში] მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხალხს შევახსენოთ, რომ ეს ისევ გრძელდება. 2008 წლის ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყო ეს კვლავ გრძელდება, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია. ხალხი ახლა უკრაინაზეა კონცენტრირებული, მაგრამ რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა. ეს საქართველოშიც იყო 2008 წელს, მათ მოახდინეს მოლდოვის ნაწილის ოკუპაციაც. ისინი უფრო სასტიკები არიან ახლა უკრაინაში, მეტ ტერიტორიას იტაცებენ, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ერთი და იგივე რამის ნაწილია. და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთი ისევ აქაა.” – განაცხადა NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა.
საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება და მას ევროპარლამენტარების ის ჯგუფი დაესწრება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.
საუბრის თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იქნება.
ევროპარლამენტარები უკვე შეხვდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. შეხვედრის მთავარი თემები იყო დეოლიგარქიზაციასა და პოლიტპატიმრები.
“ქართული ელიტის რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელს შევხვდები. მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსაც და სხვებსაც. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ახლა მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა უკრაინაში ომზეც, იმიტომ რომ ჩემი სპეციალიზაცია სწორედ უსაფრთხოება და თავდაცვაა. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ანა ფოტიგამ.