პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის გადაუგზავნა.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული კანონპროექტი 2 მოსმენით უკვე მიღებული აქვს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონს საბოლოოდ მიიღებს, აუცილებელია კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.
კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას რეკომენდაცია გაუწია გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმაც. “ქართულ ოცნებაში” კანონის კომისიაში გაგზავნას საჭიროდ არ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ “დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინულის ანალოგია და ის ქართულ რეალობას სრულად შეესაბამება.”
● ვინ არის ოლიგარქი საქართველოში?
● ენმ-მ “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” საკუთარი ვერსია წარადგინა
● “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ოლიგარქების რეესტრს პარლამენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს
საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 6-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ”. “დეოლიგარქიზაცია” ერთ-ერთი პირობაა იმ 12 პუნქტიანი გეგმის, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის არ უჭერდა მხარს კანონის იმ ვერსიას, რომელიც “ქართული ოცნების“ მიერ იყო ინიციირებული. ამ ვერსიის თანახმად, ოლიგარქების სიაში არ მოხვდება ბიძინა ივანიშვილი, სამაგიეროდ, იქ აღმოჩნდებიან ბიზნესმენები, რომლებსაც კავშირი აქვთ ოპოზიციასთან.
შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ მმართველი პარტიის მომზადებული “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი” რეალური დეოლიგარქიზაციის ნაცვლად, კიდევ უფრო გაამყარებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იქცევა.
“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ამავე შინაარსის უკრაინული კანონის ანალოგია. უკრაინული კანონის თანახმად, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს აკმაყოფილებს:
- მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
- აქვს გავლენა მედიაზე;
- სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქვს ბაზარზე დომინანტური ბიზნესი ან ბიზნესები;
- ფლობს საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტ ფულს. [საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარია, შესაბამისად, 250 მილიონი ლარი გამოდის].