სასულიერო პირი, რომელიც პანდემიას უარყოფდა, კორონავირუსით გარდაიცვალა
დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
“კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში”, – წერს ჯაღმაიძე.
_______________
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
_______________
დეკანოზი დავით ქვლივიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ულტრარადიკალური დაჯგუფების, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრი იყო. ამ კავშირმა პანდემიის დროს ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც კორონავირუსს უარყოფდნენ და შექმნილ სიტუაციას “ცრუ პანდემიას” უწოდებდნენ.
დავით ქვლივიძე თავის ქადაგებებში ხშირად აპროტესტებდა ასევე საპატრიარქოს მიერ მიღებულ ზოგიერთ საკარანტინო ზომას – მაგალითად ტაძრების დეზინფექციას.
საქართველოში სასულიერო პირის გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ნოემბრის ბოლოს ვირუსით გარდაიცვალა წმინდა სინოდის წევრი, ეპისკოპოსი ლაზარე. გარდაცვლილებს შორის ასევე სხვა სასულიერო პირებიც არიან.
7 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა სხალთის მთავარეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონსაც. ეს სასულიერო პირიც სკეპტიკურად უყურებდა კორონავირუსის არსებობას.
___________________
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 36 ადამიანი.
● სულ საქართველოში დადასტურებულია 164 976 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 1540
● გამოჯანმრთელებული – 137 499
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 25 911