დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
კორონავირუსის პანდემიის გამო რელიგიები მთელს მსოფლიოში რთული არჩევანის წინაშე აღმოჩდნენ: გაეუქმებინათ თუ არა შეკრებები და რიტუალები მრევლის ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
უმეტეს ქვეყანაში სალოცავების კარი დაიხურა. საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი მართლმადიდებლული ქვეყანა, სადაც ასე არ მოხდა.
ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი – ეკლესია არ დაემორჩილა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და ღვთისმსახურება არ შეაჩერა ყველაზე მძიმე კარანტინის დღეებშიც კი.
ეკლესიის ამ გადაწყვეტილებამ ტრადიციულად გაყო საზოგადოება. კიდევ ერთხელ წამოწია დისკუსია თემაზე – არის თუ არა ქართული ეკლესია სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი თუ იგი კანონს მიღმა არსებობს?
საზოგადოების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ეკლესია, უფრო მეტად კი ხელისუფლება, რომელმაც თვალი დახუჭა ეკლესიის მიერ წესების დაუცველობაზე და რისკის ქვეშ დააყენა მოქალაქეთა ჯანმრთელობა.
სასულიერო პირებმა ეს კრიტიკა ორკესტრირებულ თავდასხმად აღიქვეს, რომელიც დასავლეთის მიერ იმართება და ფინანსდება და მორიგი ანტიდასავლური განცხადებებით გამოვიდნენ. ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა საერთოდაც რეფერენდუმი მოითხოვა, კითხვით – გვინდა თუ არა ევროპა?
კორონავირუსი, როგორც გამოცდა ქართული სახელმწიფოსთვის
მარტის ბოლოს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ათ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, ქუჩები დაცარიელდა, მაღაზიები, ბაზრები და ოფისები დაიკეტა, ხოლო უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა; ბავშვებმა სწავლა შეწყვიტეს, შეჩერდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები; შეწყდა ყველანაირი პოლიტიკური პროცესები და ოჯახის წევრებიც კი, ერთმანეთისგან იზოლაციაში მოექცნენ, ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ეკლესიაში შაბათ-კვირას ხალხმრავლობა იყო.
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
კომენდანტი საათის დროს კი, როდესაც არა თუ მანქანით, ფეხით გადაადგილებაც კი იკრძალებოდა, სასულიერო პირები ავტომობილებით დადიოდნენ – მათ სპეციალური საშვები ჰქონდათ.
„ლოცვა განსაკუთრებით მაშინ სჭირდება ადამიანს, როდესაც განსაცდელშია. კორონას გამო ეკლესია რომ დაეკეტათ, რა უნდა ექნა ამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს?!“ – ამბობს მანანა კვანტალიანი, 64 წლის ქალი, რომელიც 30 წელია ყოველ შაბათ-კვირას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დადის.
ის ჰყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს და რისკ ჯგუფს განეკუთვნება, საგანგებო მდგომარეობის მაინც ყველა წირვა-ლოცვას ესწრებოდა.
„საშინელებებს წერდნენ ჩვენზე ფეისბუკზე, რომ ჩვენ ვართ მკვლელები ვართ. რომ გაჩნდებოდა ეკლესიის კლასტერი და ჩვენ ყველას კორონა დაგვემართებოდა და სხვებს გადავდებდით. აბა, სად არის კლასტერი? არ არსებობს, რომ ეკლესიაში ვინმე ავად გახდეს. თუ რწმენა გაქვს, ვირუსი არ გაეკარება.“
მართლაც, პროგნოზი და შიშები, რომ ქვეყანაში „ეკლესიის კლასტერი“ გაჩნდებოდა, არ გამართლდა. იყო ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც მღვდელს და სტიქაროსანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა მასობრივი გადადება არ მომხდარა.
ამის მიზეზი ის არის, რომ ზოგადად ქვეყანაში ეპიდემიოლოგებმა მოახერხეს სიტუაციის კარგად მართვა და არ დაუშვეს ვირუსის გავრცელება.
თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეკლესიის ეს გადაწყვეტილება, არ დამორჩილებოდა საერთო წესრიგს, სახიფათო და მნიშვნელოვანი სხვა კუთხით იყო – ეკლესიამ აჩვენა, რომ მიუხედავად რამდენიმე ბოლოდროინდელი ხმაურიანი რეპუტაციული სკანდალისა, კვლავ ის არის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ძალა და გადამწყვეტი სიტყვა. კვლავ მას ეკუთვნის.
„ისინი ცდილობენ ავტორიტეტის აღდგენას და მასებზე ზემოქმედებას – პრაქტიკულად, ფანატიკური და ექსტრემისტული ძალების გაერთიანებას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაუპირისპირებენ ხელისუფლებას, ივაჭრებენ. ასე უფრო მეტს გამორჩებიან, მეტ ფინანსურ სარგოს მიიღებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ არჩევნები მოდის,“ – ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ხელისუფლებამ კი, რომელსაც რამდენიმე თვეში გადამწყვეტი არჩევნები ელის, ექსპერტების აზრით, აჩვენა, რომ არც საკმარისი ძალა აქვს და არც ნება, დაუპირისპირდეს მორწმუნეებსა და საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილთან, რომელიც ქვეყანაში ყველა გამოკითხვით უმრავლესობას წარმოადგენს.
„პრაქტიკულად სახელმწიფომ ხელი აიღო თავის ფუნქციის შესრულებაზე. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ შეგნებული აქვს, რომ მას აუცილებლად სჭირდება ეკლესია, როგორც მხარდამჭერი ძალა და ის პოლიტიკურად თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ეკლესიასთან კონფლიქტზე წავიდეს,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.
ყველაზე ძლიერი, მდიდარი და გავლენიანი
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინება 1990 წლების დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და რელიგიამ შეავსო ის იდეოლოგიური ვაკუუმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კარგად ორგანიზებული სტრუქტურაა საქართველოში. ყოველ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან იგი დაახლოებით 25 მილიონ ლარს იღებს. მის საკუთრებაშია დიდძალი უძრავი ქონებაც – საპატრიარქო ფლობს 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას, რაც ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.
ქართული ეკლესიის სათავეშია 47 მღვდელმთავრისგან შემდგარი სინოდი. მათგან 41 ჩართულია ბიზნეს საქმიანობაში, სარგებლობს საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებით და სოლიდური ქონების მფლობელია.
2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების 83 პროცენტი ამბობს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2020 წლის 16 იანვარს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს პატრიარქს სრულად ენდობა გამოკითხულთა 66,3%, ეკლესიის რეიტინგი კი 50 პროცენტია.
ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წინა გამოკითხვებთან შედარებით.
ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკლესიას რთული პერიოდი უდგას – სკანდალი სკანდალზე არ ცხრება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის ავტორიტეტსაც უკავშირდება ეკლესიის ასეთ გავლენიან ინსტიტუტად ჩამოყალიბებაც, უკვე 87 წლისაა, ხშირად ავადმყოფობს, ამიტომ საპატრიარქოს წიაღში მიდის გააფთრებული ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის.
ჯერ იყო ე.წ. „ციანიდის საქმე“, რომლის გამოც დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე. გამოძიების თავდაპირველი ვერსიით იგი ციანიდით პატრიარქის მოწამვლას აპირებდა. თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ ციანიდი მას პატრიარქის მდივარ-რეფერენტის მოსაწამლად უნდოდა.
ამ საქმეს ეკლესიის შიგნით უმართავი პროცესები მოჰყვა – სასულიერო პირები ბანაკებად დაიყვნენ – ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს სხვადასხვა დანაშაულსა თუ საეკლესიო ცოდვაში. მაგალითად, სინოდის ერთ-ერთი სხდომიდან გამოსულმა მღვდელმთავარმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ჰყავს პედოფილი პატრიარქი.
სასულიერო პირები ასევე ერთმანეთს ადანაშაულებენ კორუფციაში, ბრალს სდებენ „ჰომოსექსუალობის ცოდვაში“.
და ეს ყველაფერი ხდება ღიად, ტელევიზიით, მრევლის თვალწინ.
ამ ყველაფერმა ეკლესიის ნდობის რეიტინგებზეც იქონია გავლენა.
„ბოლო მოვლენებმა ძალიან დააზარალა ეკლესიის რეიტინგი და დინამიკა არის დაღმასვლის, მაგრამ ჯერ ისე არ არის, რომ ხელისუფლებამ ჩამოწეროს, დომინანტად არ ჩათვალოს და ანგარიში არ გაუწიოს,“ – ამბობს ტიგინაშვილი.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია, ასევე მოახლოებული არჩევნები კარგი შანსია ეკლესიისთვის დაამტკიცოს, რომ კვლავინდებურად ძლიერი და გავლენიანია:
„საპატრიარქოსთვის ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი პერიოდია, ვიდრე პოლიტიკოსებისთვის. ეკლესია ინსტიტუციურ, ფინანსურ და მატერიალურ სარგებელს ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაციიდან იღებს, მაგრამ არჩევნები ამ კუთხით განსაკუთრებულია,“ – ამბობს ტიგინაშვილი.
ეკლესიამ, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული დაუმორჩილებლობით პირველი რაუნდი ხელისუფლებას მოუგო, უკვე დაიწყო ფინანსური სარგებლის მიღება:
რამდენიმე კვირის წინ, ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მხარდაჭერით მიიღო კანონი, რომელიც თანახმად, ყველა დიდი ეკლესია-მონასტერი მიმდებარე ტყის 20 ჰექტარს მართვაში უსასყიდლოდ მიიღებს სახელმწიფოსგან.
„ასეთი ძღვენი არჩევნებამდე კიდევ იქნება არაერთი. მოქმედი ხელისუფლება მაქსიმალურად ყველა რესურსს გამოიყენებს, მათ შორის, ეკლესიასაც იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ხოლო ეკლესია არც ერთ საჩუქარზე უარს არ იტყვის, რა თქმა უნდა,“ – ამბობს ტიგინაშვილი.
არჩევნებში ეკლესია ხშირად მართლაც გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეკლარირებულად ეკლესია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იცავდა, თუმცა ცალკეული სასულიერო პირები პირდაპირ ამბიონებიდან, ქადაგების დროს ეწეოდნენ საარჩევნო აგიტაციას იმდროინდელი ხელისუფლების წინააღდეგ და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. იუთუბზე ათობით ვიდეოა, სადაც ამგვარი ქადაგებებია გადაღებული.
ექსპერტები ამბობენ, რომ არც ამჯერად იქნება ეკლესია დამოუკიდებელი დამკვირვებლის როლში.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე სასულიერო პირები და თუმცა უმეტესად მაშინ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი. ალბათ ახლაც ასე იქნება. რადგან ოპოზიციას და კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“, უფრო მეტად ახასიათებს ლიბერალიზმი. ეკლესია კი ტრადიციების მხარდამჭერია, უფრო „ოცნებისკენ“ იხრება, რადგან ითვლება, რომ „ოცნებისთვის“ უფრო მეტად ფასეულობა ტრადიციებია“ – ამბობს თეოლოგი ლევან აბაშიძე.
მისი აზრით, პრობლემა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ უმეტესად პოლიტიკოსებშია, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ეკლესიის გამოყენებას და ეკლესიით მანიპულირებას.
პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთადერთი სფერო, სადაც ეკლესია მონაწილეობს.
მაგალითად, პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც სქესობრივი ცხოვრების გაკვეთილები იხილებოდა, ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ფაქტობრივად ჩაშალეს სხდომა, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ ამ საგნის სწავლებას სკოლებში.
დიდი ხმაური მოაწყვეს მათ ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვის დროსაც.
ეკლესია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის მიღებას, რომლის არსი ადამიანის უფლებების დაცვა და სხვადასხვა, მათ შორის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლაა.
ამ კანონპროექტზე ეკლესიის შეტევამ მმართველი პარტიის დეპუტატები ისე დააფრთხო, რომ ერთ-ერთმა პარლამენტარმა, გედი ფოფხაძემ ასეთი რამეც კი თქვა: “თუ სინოდი იტყვის, არ დაუჭიროთ მხარიო, მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე… მე დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია.”
პარლამენტმა აღნიშნული კანონი მაინც მიიღო, რადგან მის მიღებას საქართველის საერთაშორისო ინსტიტუტები ავალდებულებდნენ, თუმცა, ეკლესიამ მის ტექსტში ბევრი კორექტივი შეიტანა.
ეკლესიის ულტრაკონსერვატიული გავლენები ხშირად ვლინდება სხვადასხვა სიტუაციაში. ეკლესიას შესწევს ძალა, რომ მომხრეების მობილიზება მოახდინოს სხვადახვა მოვლენების ან სიახლის წინააღმდეგ. მაგალითად, პირადობის მოწმობების წინააღდეგ დარაზმოს მრევლი, რადგან იქ ეშმაკის ნიშანია ჩაბუდებული.
ეკლესიის წარმომადგენლები იდგნენ ასევე კინოთეატრებთან, სადაც გეი წყვილის ურთიერთობაზე ფილმი გადიოდა და სხვა რადიკალურ ორგანიზაციებთან ერთად ცდილობდნენ ამ ფილმის ჩვენება ჩაეშალათ.
სასულიერო პირები მონაწილეობენ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ გამართულ ყველა აქციაში.
2013 წლის 17 მაისს კი მათ საერთოდაც ძალადობრივად ჩაშალეს ჰომოფობიის დღის აღსანიშნავი აქცია (ზოგი მღვდელი ტაბურეტკით ხელში დასდევდა აქციის მონაწილეობს). 2014 წელს, პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ჰომოფობიის წინააღმდეგ დღე არ უნდა აღინიშნოს ხოლმე და ამიტომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.
მას შემდეგ, ამ დღეს ასობით ადამიანი – სასულიერო პირები და მრევლი გამოდის თბილისის ცენტრში და ჯვრებითა და ხატებით მსვლელობას აწყობს ოჯახური სიწმინდის დღის აღსანიშნავად.
“ ეკლესია ჩვენთან ყოველთვის იყო ძალა, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს სამოქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. იყო შემთხვევები როცა ვერ დაადო ვეტო, ვთქვათ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, თუმცა იმდენი მაინც ქნა, რომ ეს კანონი საკმაოდ გამოშიგნა. აშკარად აქვს ამის პრეტენზია, რომ ასეთი ძალა იყოს, რომელიც კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დგას და იმ საკითხებში რომელიც მისივე თვალსაზრისით მას ეხება, მის გარეშე სახელმწიფომ გადაწყვეტილება ვერ მიიღოს,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.
სასულიერო პირები ხშირად აკეთებენ ასევე ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელ, არამეცნიერულ განცხადებებსაც.
კუმურდოს, ახალქალაქის და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს “ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება”. მისი თქმით, თუ ადამიანს ღმერთის სწამს, მისი იმუნური სისტემა ძლიერია.
ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ქადაგებისას თქვა, რომ ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, “ადამიანებს დაიმონებს” და “დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს”.
თეოლოგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები, „გარდა იმისა, რომ მეტყველებს ეკლესიის წიაღში გაუნათლებლობაზე“, ასევე ნაკარნახევია რუსული დღის წესრიგით:
„რუსული ეკლესია და კრემლი აშინებენ ხალხს ასეთი განცხადებები, როგორიცაა გეების ქორწინება, რომ დასავლეთი გარყვნილია, ცდილობს ჩვენს გარყვნას და დამონებას ჩიპებით, ვაქცინებით, და ასე შემდეგ. ეს მესიჯები ყველგან ერთნაირია, სადაც კრემლს ხელი მიუწვდება,“ – ამბობს თეოლოგი.
რუსეთი თუ დასავლეთი
24 მაისს, საკვირაო ქადაგების დროს, გავლენიანმა სასულიერო პირმა, სინოდის წევრმა, ვანის და ბაღდათის ეპისკოპოსმა მეუფე ანტონმა თავის მრევლს უთხრა, რომ საქართველოს ეკლესიაზე ორკესტრირებული შეტევა ხორციელდება და ამ ყველაფრის უკან დასავლეთი დგას.
მან გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთის მიერ ფინანსდება და თქვა, რომ „ისინი ყველანაირად ცდილობენ ხალხს ეკლესია შეაძულონ, ხოლო ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადონ“.
ამ მსჯელობის ბოლოს სასულიერო პირი გამოვიდა ინიციატივით ჩატარდეს რეფერენდუმი, სადაც ქართველ ხალხს შეეკითხებიან – „გვინდა ჩვენ ასეთი ევროპა?“
ოფიციალურად, საქართველოს საპატრიარქო საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდამჭერია.
თუმცა, თავიანთ ყოველდღიურ ქადაგებებში სასულიერო პირები ხშირად ერთ საერთო მესიჯს ქადაგებენ – დასავლური ღირებულებები შეუთავსებელია ქართულ ტრადიციებთან განსხვავებით ერთმორწმუნე რუსეთისგან.
კრემლის პოზიციაზე საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემაზე მიმდინარე პროცესების დროს.
საქართველოს ეკლესია ამ დრომდე არ ჩქარობს აღიაროს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებს, რაც სწორედ რუსეთის საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭების შიშითაა განპირობებული, მიიჩნევენ ექსპერტები.
ინტერნიუს-უკრაინის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხების გაშუქებას ეხება პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქრისტიანულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნულია, რომ რუსული ნარატივები უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით „უნივერსალური“ აღმოჩნდა ამ ქვეყნებისთვის.
„კრემლი ცდილობს ერთნაირი ნარატივი გაავრცელოს ყველგან, სადაც მისი აზრით იგი იმუშავებს… ყველაზე გავრცელებული ნარატივი ასეთია: მართლმადიდებლური სამყარო აუცილებლად უნდა გაერთიანდეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთს“.
კვლევა ამბობს, რომ კრემლმა ყველა ქვეყანაში იპოვა „აქილევსის ქუსლი“ და ადგილობრივი ეკლესიების დახმარებით ავრცელებდა შესაბამის მესიჯებს. მაგალითად, საქართველოში უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს აფხაზეთის ეკლესიის კონტექსტში განიხილავდნენ, სომხეთში კი უკრაინა წარმოჩენილი იყო როგორც თურქეთის მოკავშირე ქვეყანა.
ქართული ეკლესია უარყოფს რომ იგი რაიმე ინსტრუმენტია კრემლის ხელში, თუმცა ამბობს, რომ რუსეთთან საქართველოს ეკლესიას ისტორიული, ტრადიციული კავშირები აქვს და ერთმორწმუნეობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საპატრიარქოსთან დაახლოებული თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს პოზიცია არა პრორუსული, არამედ ფრთხილია.
„პატრიარქი ყოველთვის პროქართული იყო. რუსეთი კი ერთმორწმუნე ქვეყანაა და ყოველთვის ჩვენი მეზობელი იქნება. ყველას გვესმის, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც შეიცვლება და ხიდები არ უნდა ჩავტეხოთ.
რაც შეეხება რუსეთის საპატრიარქოს გავლენებს, აბაშიძე ამბობს, რომ გარკვეული გავლენა რუსეთის ეკლესიას აქვს და ეს ბუნებრივია:
„შესაძლოა, ქართულ ეკლესიაში რუსეთის, რუსეთის კულტურის მიმართ უფრო მეტი სიმპათია იყოს, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის… რუსეთის უშიშროება ყველაფერს იყენებს და ალბათ, ეკლესიასაც იყენებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესია რუსეთის აგენტებით არის სავსე და რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია. ეს ასე არაა,“ – ამბობს აბაშიძე.
თეოლოგი ამბობს, რომ რუსეთის საპატრიარქოსთან საქართველოს ეკლესიის კონსტრუქციული დამოკიდებულების შედეგია ის რომ, რუსეთის საპატრიარქო არ აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას და მას საქართველოს ეკლესიის ნაწილად განიხილავს:
„რუსეთის საპატრიარქო არის რუსეთში ერთადერთი ორგანო, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ეს შესაძლოა, ჩვენი სამომავლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბერკეტიც იყოს და ეს უნდა დავუფასოთ ჩვენს ეკლესიას. მისი როლი ძალიან დიდია,“ – ამბობს აბაშიძე.
განსხვავებულად უყურებს ეკლესიის როლს, გიორგი ტიგინაშვილი. ის ამბობს, რომ „უკანასკნელ წლებში თუკი საზოგადოებაში რაიმე პრობლემა არსებობს, ამ ყველაფრის უკან დგას საპატრიარქო“.
„ეკლესიის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ადამიანის უფლებები არის სოროსის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამოხატულება და რომ ეს არის ეკლესიის დამხობის მცდელობა. რა თქმა უნდა, დასავლეთის და პროგრესის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აფერხებს საზოგადოებრივ განვითარებას,“ – ამბობს ის.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ მართალია ეკლესია დეკლარირებულად კი უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს, თუმცა „რეალურად ეკლესია ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკრატიზაციის კუთხით განვითარებაში და საერთოდ, ევროინტეგრაციის სვლაში“.