დავით არახამია საქართველოს მოქალაქეებს: ყურადღება არ მიაქციოთ ოლიგარქის ფეიკებს
დავით არახამია ღარიბაშვილზე
უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოებამ არ უნდა მიაქციოს ყურადღება საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფეიკებს, ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრს, “რომელიც ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით.”
ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ გამოსვლაში თქვა, რომ დავით არახამია აშშ-სა და ევროპაში დაჟინებით ითხოვდა, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
არახამიამ ღარიბაშვილის საპასუხოდ ვიდეო ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მაქსიმალურად დაეხმარება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მარიონეტი ხელისუფლება ჰყავს და ქართველი ხალხი მის მძევლობაში იმყოფება.
არახამია ამბობს იმასაც, რომ ქართველ ხალხს ევროპაში ყოფნა სურს და ახლახან ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა აქციამ ეს მკაფიოდ აჩვენა:
“ძალიან საწყენია, რომ მთელი საქართველო, მისი კეთილგანწყობილი ხალხი, რომელმაც შეიფარა ჩვენი ლტოლვილები, ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინის მხარეს რუსი აგრესორების წინააღმდეგ, დღეს გახდნენ ერთი ოლიგარქის მძევლები. ამიტომ ქართველებო გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდი მომავალი გვაქვს ევროპის გზაზე.”
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.
ეს აქცია რამდენიმე დღით წინ უსწრებდა საქართველოსათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირმა 24 ივნისს უნდა მიიღოს. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.