ფაშინიანზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმის მომზადებისა და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობის საქმეზე დაკავებები გრძელდება.
ბრალი წარუდგინეს მოხალისეთა ქვედანაყოფის, „სისაკანის“ ხელმძღვანელს, აშოტ მინასიანს, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „აშოტ ერკატი“ (რკინის აშოტი).
მანამდე, ამ საქმეზე დააკავეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და ოპოზიციური პარტია „აირენიკის“ (სამშობლო) ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი.
ერევნის სასამართლომ მინასიანის დაპატიმრება დასაბუთებულად ცნო და ის პატიმრობაში დატოვა.
სანამ სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის, მინასიანის თანამებრძოლები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ.
ომის ვეტერანები სკანდირებდნენ – „ნიკოლ მოღალატე“ და „ტრიბუნალი“. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამხედრო კანონმდებლობით გასამართლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათი თანამებრძოლის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური დევნაა.
აშოტ მინასიანის შვილის თქმით, დევნის მიზეზი მამამისის განცხადებაა, რომელიც „მოღალატე, არცახის 80%-ის გამყიდველი ნიკოლ ფაშინიანის პასუხისგებაში მიცემას“ ითხოვდა.
10 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ შეთანხმებას, ოპოზიცია და ათასობით ადამიანი ერევნის ქუჩებში გამოვიდა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მეთაური მოღალატეობრივ შეთქმულებაზე წავიდა და ხელი მოაწერა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ნებაყოფლობით გადაცემას.
14 ნოემბერს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმისა და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა აღკვეთა. დანაშაულებრივ შეთქმულებაში ადამიანების ჯგუფია ეჭვმიტანილი.
