"დაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები" - ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა
გაზიარება
გაზიარება
ზურა ჯაფარიძე მოითხოვს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდეთ.
“გირჩი – მეტი თავისუფლება” ეხმაურება მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, პანდემიის დროს რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულებს ამნისტია შეეხებათ.
“პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.
თუმცა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით – სახდელს პატიობს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა ან ვერ მოასწრო) და არ პატიობს მათ ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.
მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხოთ.
საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
ინიციატივა 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს შეეხება.