ცესკოს წინასწარი შედეგები: "ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 49 პროცენტს აგროვებს, თბილისში - 41-ს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია დიდი სხვაობით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მას ხმების 48.56 პროცენტი აქვს.
ეს არის უბნების თითქმის 40 პროცენტის დათვლის შედეგი.

ქვეყნის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 32,32 პროცენტი აქვს. მესამე ადგილზეა ექს-პრემიერის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ხმების 6,87 პროცენტით.
სხვა პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
● „გირჩი მეტი თავისუფლება- ზურაბ ჯაფარიძე“ – 4.8%;
● ლელო – 2.6%;
● ევროპული საქართველო “- 1.82%;
● საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1,42%;
● მესამე ძალა – 1,27%;
● საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1,25%;
● „გირჩი“ – 1.04%;
● „მოქალაქეები“ – 0,61%;
● “ხალხისთვის” – 0.6%.
2 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებდა. არჩევნების მთავარი ინტრიგა იყო, შეძლებდა თუ არა მმართველი გუნდი ხმების 43 პროცენტის მოპოვებას. 43 პროცენტის ვერგადალახვის შემთხვევაში, შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ცალმხრივად დატოვა შარლ მიშელის ხელშეკრულება არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიცია კვლავ განაგრძობდა არჩევნების რეფერენდუმად მოხსენიებას.
__________________________________________________________________________
● თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში: ყველა ეგზიტპოლის წინასწარი შედეგი. პარტიები
● ეგზიტპოლები: თბილისში, დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
__________________________________________________________________________
განსხვავებით რეგიონებისგან, ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრში – თბილისში, “ქართულ ოცნებას” ბევრად დაბალი შედეგი აქვს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში “ქართულმა ოცნებამ” ვერ გადალახა 43 პროცენტიანი ზღვარი – მას აქ 41 პროცენტი აქვს, ოპოზიციას ჯამში კი – 59.
მეორე ტურები
რაც შეეხება სხვადასხვა ქალაქებს, სადაც მერებსა ირჩევდნენ:
ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მათგან სამ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს.
თბილისში კახა კალაძეს ამ დროისთვის 45,5 %, ნიკა მელიას კი 34,13 % აქვს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით,ოპოზიციის მერობის კანდიდატი ლიდერობს ზუგდიდშიც. ანზორ მელია თავის სახელისუფლებო კონკურენტს, მამუკა წოწერიას თითქმის 8 პროცენტით უსწრებს.