ნინო ლომჯარია: ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების გაყალბება ჰქვია
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება ჰქვია, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება.
● ომბუდსმენი არჩევნებზე: მინიმუმ 8 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა
ლომჯარიას შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემა ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ სერიოზულ ხარვეზებში მდგომარეობდა. მისი თქმით, უფრო ცუდი იყო კენჭისყრის შეჯამება და ხმის დათვლის პროცესი, ვიდრე არჩევნების დღე.
“საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებული სერიოზული დისბალანსი, შემაჯამებელ ოქმების გადასწორება და სხვა პრობლემები, ნამდვილად მასშტაბური იყო”, – განაცხადა ლომჯარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“.
მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთან შედარებით გადაჭარბებული ბიულეტენების რაოდენობა საარჩევნო უბნების 8%-ში გვხვდება.
“მისულ ამომრჩეველთან შედარებით გადაჭარბებული ბიულეტენების რაოდენობა საარჩევნო უბნების 8%-ში გვხვდება. თუმცა, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამბობენ, ეს ერთი ტიპის დარღვევებია. არის სხვა ტიპის სერიოზული პრობლემები, როდესაც ხელმოწერების რაოდენობები არ ემთხვევა, როდესაც ოქმები თვითნებურად სწორდებოდა, რისი უფლებაც საარჩევნო კომისიის წევრებს არა აქვთ. იყო სხვა ტიპის დისბალანსიც. ამიტომ პროტესტი და მოთხოვნები, რაც საზოგადოებაში ისმის, არის სამართლიანი და სამართლებრივად დასაბუთებული“ – ამბობს ლომჯარია.
სახალხო დამცველის აზრით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ამ ეტაპზე საარჩევნო კომისიების იმ წევრების მიმართ არსებობს, ვინც შემაჯამებელი ოქმები გააყალბა.
● ომბუდსმენის და მინისტრის დაპირისპირება: ლომჯარია ამბობს, რომ ციხეებში “მაყურებლები” დაბრუნდნენ
● არასამთავრობოები: მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება
რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობას, ლომჯარია აცხადებს, რომ მას, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სისტემური თუ ფართომასშტაბიანი დარღვევების გამო.
ლომჯარიას თქმით, თამარ ჟვანიას მხრიდან სწორ სამართლებრივ გზავნილებს ადგილი არ ჰქონია.
“სწორი იქნებოდა, საჯაროდ მოუწოდებდეს ქვემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციებს, რომ გადაითვალოს ყველა პრობლემური საარჩევნო უბანი, გაიხსნას საარჩევნო მასალა, თუმცა მისი მხრიდან ამგვარ მოწოდებებსა და განცხადებებს ვერ ვხედავთ. ის ძირითადად აპელირებს, რომ ხდება ოქმების ჩასწორება. სწორედ ჩასწორების პროცესია პრობლემატური. არ შეიძლება ოქმების ჩასწორება მხოლოდ კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე. ამას გადათვლა, გადამოწმება და რეალური შედეგების დადგენა სჭირდება“, – განაცხადა სახალხო.
ომბუდსმენი ცესკოზე მმართველი პარტიის ზეწოლას არ გამორიცხავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცესკო ვალდებულია მოქმედებდეს როგორც ობიექტური და ნეიტრალური უწყება.
“ცესკო როგორც დამოუკიდებელი მუდმივმოქმედი ორგანო იმისთვის არსებობს და იმისთვის იღებს საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას, რომ ასეთ ზეწოლებს გაუძლოს და გადამწყვეტ მომენტში სწორი, სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებები მიიღოს” – ამბობს ლომჯარია.
ამჟამად, ცესკოს მიხედვით, ოფიციალური შედეგები ასეთია:
1. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” – 48,24%
2.”ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია” – 27.15%
3. “ევროპული საქართველო – 3,79%
4. “პატრიოტთა ალიანსი” – 3.14%
5. “ლელო” – 3.16%
6. “სტატეგია აღმაშენებელი” – 3.15%
7. “გირჩი” – 2.89%
8. მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1.33%