ომბუდსმენი არჩევნებზე: მინიმუმ 8 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები (რაც უბნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დგება), ამ დროისთვის ცდომილების ფარგლებშიც არ ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს, რაც, მინიმუმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არ მომხდარა.

„საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ ისფედის მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები (რაც უბნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დგება), ამ დროისთვის ცდომილების ფარგლებშიც არ ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს. მინიმუმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, აგრეთვე, იმაზე, რომ შემაჯამებელი ოქმების გადაცემა დამკვირვებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა“, – წერს ის facebook-გვერდზე.
მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა დისბალანსი, საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენი და აღნიშნულ შედეგებს, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონდეს არჩევნების საერთო შედეგებზე – 4.1%-ის ფარგლებში.
ნინო ლომჯარია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს ყველა იმ პრობლემას, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იქნა იდენტიფიცირებული.
„მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილეობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს, სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები“, – განაცხადა ლომჯარიამ.
● “არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო” – რას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლები
● აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს