„ისტორიული შეხვედრის მომსწრენი გავხდით" - ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიანი თემის შეხვედრა დასრულდა
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის შეხვედრა მხარეების შერიგებით დასრულდა. სოფლის მცხოვრებლებმა ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს და ხელი ჩამოართვეს.
მათი თქმით, ყველას აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ერთ სოფელში მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება დაუშვებელია, შესაბამისად, ისინი მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ – მუსლიმი თემი იმ ადგილას ილოცებს, რომელიც მათ საკუთარი ხარჯებით მოაწყვეს.
შეხვედრას, ადგილობრივების გარდა ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები: ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი და ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები.
„ჩვენ ყველა ერთად – ბუკნარის მცხოვრებლები უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა ვიცხოვროთ კეთილმეზობლურად“, – განაცხადეს შეხვედრაზე ადგილობრივებმა.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.
“ისტორიული და ემოციური შეხვედრის მომსწრენი გავხდით. ეს იქნება სიმბოლო მომავალი ჩვენი ურთიერთობებისა. ვლოცულობთ, დასრულდეს ეს ყველაფერი და ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობა და შემწყნარებლობა იყოს. ვულოცავ ყველას“, – განაცხადა საქართველოს მუფთმა.
რა მოხდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის შევიწროებისა და დევნის შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გახდა ცნობილი.
უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სამლოცველოს მოწყობას აპირებდნენ, რასაც იქ მცხოვრები ადგილობრივი ქრისტიანი თემი ეწინააღმდეგებოდა.
12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, რასაც ქვების სროლა მოჰყვა, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის – ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს კონფლიქტის ერთი მონაწილე.
მოსახლეობა კონფლიქტის დასარეგულირებლად საქმეში ხელისუფლების ჩართვას ითხოვდა.
__________________________________________________
● დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე – ჩოხატაურელი მუსლიმები ლოცვის უფლებას ითხოვენ