ბოლო 10 თვეში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა
ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა
საქართველოში ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა – 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 3 მილიარდ 316 მილიონამდე დოლარი ფულადი გზავნილი მიიღო, რაც გასული წლის ჯამურად მიღებულ გზავნილებს 41 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ფულადი გზავნილების რეკორდულად ზრდის მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხებია. 10 თვეში რუსეთიდან მილიარდნახევარ დოლარამდე ფულადი გზავნილი შემოვიდა. თანხის მოცულობა, 2021 წელს რუსეთიდან ჯამურად მიღებულ გზავნილებს 3.5-ჯერ აღემატება.
რაც შეეხება მხოლოდ ოქტომბრის მონაცემებს, გასულ თვეში ქვეყანამ ჯამში 502 მილიონ დოლარამდე გზავნილი მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი, 299 მილიონ დოლარზე მეტი, რუსეთიდან გადმოირიცხა. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, რუსეთიდან გზავნილები 726 პროცენტითაა გაზრდილი.
ქვეყნები, საიდანაც ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – $299.28 მლნ
- იტალია – $35.72 მლნ
- აშშ – $29.98 მლნ
- საბერძნეთი – $19.13 მლნ
- ისრაელი – $16.43 მლნ
- ყირგიზეთი – $16.21 მლნ
- გერმანია – $15.44 მლნ
- თურქეთი – $8.90 მლნ
- ყაზახეთი – $8.32 მლნ
- სომხეთი – $4.97 მლნ
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ფაქტორი, შესაძლოა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● ტოპ ხუთი პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის და რუსეთისგან ყიდულობს
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია; მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.