აშშ-ს საელჩო: დასრულდეს ძალადობა, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი
აშშ-ს საელჩო საქართველოში ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი აქციის მსხვერპლია.
“ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი”.
საელჩო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ყველა თავდამსხმელი და ძალადობის წამქეებელი:
“თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.”
საელჩოს განცხადებით, ლაშქარავაზე თავდამსხმელების დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეობდა.
“ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
_____________________________________________
● TV პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა
● “პასუხისმგებელი უნდა დაისაჯოს” – საქართველოს პრეზიდენტი გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახში მივიდა
● ამერიკის ელჩი: პრემიერმა 5 ივლისს წამყვანი როლი ვერ ითამაშა
________________________________________________
ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში 11 ივლისს. 5 ივლისს იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა ჰომოფობიური ჯგუფების აქციას ლგბტქ საზოგადოების წინააღმდეგ. ამ აქციაზე იგი 20-მდე ადამიანმა სასტიკად სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოძალადეებს შორის იყვნენ სასულიერო პირები.
ლაშქარავას ჰქონდა სახის ძვლის მოტეხილობები, მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ლაშქარავა უკვე სახლში იყო გაწერილი. გარდაცვალების წინა დღეს იგი სტუმრად იყო ტვ “პირველის” ერთ-ერთ გადაცემაში და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
გამოძიება ინციდენტთან დაკავშირებით სტანდარტული მუხლით დაიწყო – თვითმკვლელობამდე მიყვანა. ტელეკომპანია „პირველი” არ ენდობა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ატარებს.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამოცხადდა ლოზუნგით „სისტემა კლავს!” მისი მთავარი მოთხოვნა იქნება ღარიბაშვილის გადადგომა.