ამერიკის ელჩი: არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა
ამერიკის ელჩი ომზე
ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა და ამერიკის სურვილია, ეს ომი სწრაფად დასრულდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც დეგნანი აღნიშნავს, ეს ომი დაიწყო პუტინმა და მას შეუძლია, რომ ის ერთ დღეში დაასრულოს. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს პროგრესის მიღწევაში, განსაკუთრებით – ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.
“და თუ შევხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რომელმაც შეურაცხყო ეკლესიები, რომლებსაც ცხოველთა სადგომებად იყენებდა”, – აცხადებს ელჩი.
მისი თქმით, როდესაც საუბარია რუსეთზე ან რაიმე სახის ურთიერთობაზე მათთან, საკმარისია, “ახლოს მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ, იქ რა ხდება.”
“თქვენი, საქართველოს მეგობრები არიან ევროპაში, საქართველოს მეგობრები არიან ამერიკაში და ესაა გზა, რასაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება.” – განმარტა კელი დეგნანმა.
NATO-სთან დაახლოებაზე საუბრისას კი ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ძლიერი პარტნიორი NATO-სთვის და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რაც საქართველოდან იყო წარგზავნილი მადრიდის სამიტზე.
დეგნანის განმარტებით, მადრიდის სამიტი იყო კიდევ ერთხელ დემონსტრირება ალიანსის ერთიანობის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ გაჩაღებული სასტიკი და არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე:
“ეს სამიტი კიდევ ერთი დასტურია იმისათვის, რომ NATO არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მიზნებს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოსთვის ეს იყო კიდევ ერთი კარგი შანსი, რომ განეხილათ ის ნაბიჯები და რეფორმები, რაც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში NATO-სა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.”
ამერიკის ელჩის თქმით, აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, აღნიშნული რეფორმების გატარება, რაც საჭიროა სტატუსის მისანიჭებლად, ასევე, ხელს შეუწყობს NATO-ს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა 29 ივნისს პირველი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია.
ყოფილი დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის და სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.”
ისინი იმეორებენ ხელისუფლების პროპაგანდას ე.წ. ბაკურიანის სცენარის შესახებ და ამბობენ, რომ ამერიკიდან საგანგებოდ ამ შეხვედრაზე ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი პიტერ აკერმანი.
როგორც დეპუტატები ამბობენ, ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.