მთელ აფხაზეთში ტყეები იწვის
აფხაზეთის ერთბაშად რამდენიმე რაიონში ტყეები იწვის, ცეცხლმა უკვე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია.
დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გუდაუთის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში. რესპუბლიკის დასავლეთში ცეცხლმა უშუალოდ ფსოუ-ენგურის ავტომაგისტრალამდე მიაღწია. მსხვერპლი ჯერჯერობით არაა.
განსაკუთრებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა გალის რაიონში, სადაც ხანძარმა ცხრა სოფელი მოიცვა.
ხანძრების ძირითადი მიზეზი – გლეხები არიან. ზამთრის პერიოდში ისინი, როგორც წესი, გამხმარ ბალახს წვავენ. ტერიტორიის ამგვარი გაწმენდის შედეგად ცეცხლი ტყის მასივებზეც გადავიდა.
მხოლოდ გალის რაიონში ცეცხლითაა მოცული 600 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. 5 იანვრის დილისთვის ხანძრის ლიკვიდირება მოხერხდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში ახალი კერები გაჩნდა და ხანძარი 6 იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდა.