საქართველოს პრემიერი: აფხაზეთს აქვს პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო
აფხაზეთის პოტენციალი
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აფხაზეთს აქვს პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი კი მეორე მონტე-კარლო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც “ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს”, არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.
“საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა. მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი. ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა.
ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება. ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე.” – ამბობს პრემიერი.
● საზღვარზე გაზრდილი კონტროლის გამო აფხაზური მანდარინი რუსეთში ვერ შედის
● „აფხაზეთს თუ უნდა რომ ანგარიშს უწევდნენ, კი არ უნდა განდევნოს, არამედ მოიზიდოს დასავლეთი“ – ვიდეო დისკუსია
● სოხუმი: ოპოზიცია ითხოვს ჩინოვნიკების დამნაშავეებად გამოცხადებას რუსეთთან დადებული ხელშეკრულების გამო
წლიური ანგარიშის წარდგენისას ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა არის მშვიდობიანი და “ჩვენ გვინდა, ამდენი ომით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ.”
“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში.” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი