საზღვარზე გაზრდილი კონტროლის გამო აფხაზური მანდარინი რუსეთში ვერ შედის
აფხაზურ მანდარინებს რუსეთში არ უშვებენ
რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ციტრუსებით დატვირთული ასობით მრავალტონიანი სატვირთო მანქანის საცობია. აფხაზეთში თვლიან, რომ საქმე პოლიტიკაშია.
მანდარინით დატვირთული სატვირთო მანქანების კოლონა ფსოუს საბაჟოზე უკიდურესად ნელა მოძრაობს. საბაჟო ინსპექტირების ზონაში მყოფი რუსული სამსახურები იძულებულნი არიან ჯერ მოძრაობა განტვირთონ და შემდეგ გადატვირთონ მანდარინის ყუთები.
პროცედურას ართულებს ის ფაქტი, რომ მძღოლებს ეკრძალებათ მტვირთავის დაქირავება ეს მათ თავად უწევთ.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს განზრახ კეთდება.
ამ ვიდეოს ავტორი წერს:
„მესამე დღეა ამ დაწყევლილ საზღვარზე ვდგავართ, საჭმელიც აღარაფერია. ბოლოს დახურეს ყველა საპირფარეშო, რომელიც საზღვარზეა. მანქანები გაჭედილები არიან, ერთ დღეში მხოლოდ 29 მეტრი გავიარეთ.”
იმავდროულად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის რამდენიმე წლის წინ დადებული საბაჟო ხელშეკრულების თანახმად, ორივე მიმართულებით საქონელმა უნდა გაიაროს საბაჟო შემოწმება დატვირთვის ადგილზე. ამის შემდეგ მანქანები ილუქება და საზღვარს დაუბრკოლებლად კვეთენ – ასე ხდებოდა ყოველთვის.
მაგრამ ბოლო დღეებში რუსულმა მხარემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყო არსებული პროცედურის დარღვევა. ახლა კი რუსული სამსახურები უკვე მეორედ ამოწმებენ დალუქულ ტვირთებს.
- “მეგობრობა ორმხრივია” – რუსეთის სათათბიროს სპიკერი აფხაზეთში ჩავიდა
- ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და 180 ჰექტარი ფიჭვნარი რუსეთის მფლობელობაში გადადის
- მოსაზრება: აფხაზეთს ენერგოსისტემის რუსეთისთვის გადაცემა ან უშუქოდ ცხოვრება მოუწევს
- აფხაზეთი: რუსეთთან ახალი ურთიერთობის რისკები. ანალიზი
აფხაზეთის ხელისუფლება არსებულ ვითარებაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, სოციალურ ქსელებში დარწმუნებულნი არიან, რომ საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეები „ოქროს ციებ-ცხელების“ ფონზე (როგორც აფხაზეთში მანდარინის მომწიფების სეზონს და რუსეთში მის შემდგომ გაყიდვას უწოდებენ) პოლიტიკური კონოტაცია აქვს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი ზეწოლა აფხაზეთზე, სადაც მოსკოვისთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტა ჭიანურდება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ბიჭვინთაში მდებარე ცნობილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაზე. ეს საკითხი აფხაზეთის პარლამენტში უკვე რამდენიმე თვეა განიხილება, თუმცა ამ დრომდე კენჭი არ უყარეს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო