აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის 15 ივლისამდე არ იხსნება
აფხაზეთში, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, კიდევ ერთხელ გადადეს საკურორტო სეზონის დაწყება – ამჯერად 15 ივლისამდე.
მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოდან, აფხაზეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაკეტა, ეს ძლიერ აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე.
სოციალური ქსელები სავსეა რუსეთთან საზღვრის გახსნის მოწოდებებით, რათა მოქალაქეებმა ტურისტულ სეზონზე ფული იშოვონ. თუმცა, ხელისუფლებას ჯერჯერობით არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომიკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
• მოსაზრება: აფხაზეთში კრიზისი გარდაუვალია – მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება მას ხელისუფლება
• მოდელიერები და რესტორატორები ეპიდემიის პირობებში – როგორ შეცვალა კორონავირუსმა აფხაზეთის ცხოვრება
არის სხვა ასპექტიც – აფხაზეთის მხრიდან ცალმხრივად საზღვრის გახსნა არაფერს მოიტანს, რადგან რუსეთი ჯერჯერობით თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ არ უშვებს.
„პრეზიდენტი გვთავაზობს 10 ივლისამდე კრასნოდარის მხარეში სიტუაციაზე დაკვირვებას. ამ დროისთვის იქ კარანტინის მოხსნიდან 14-დღიანი ვადა დასრულდება. თუკი იქ გართულებები არ იქნება – შესაძლებელი გახდება ტურისტებისთვის ჩვენი საზღვრების გახსნა“, – ამბობს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯანსუღ ნანბა.
აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს საკურორტო სეზონის გახსნისა და ტურისტების შემოშვების გეგმა სამი ეტაპისგან შედგება.
• თუკი 15 ივლისისთვის, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დაავადების აფეთქება არ მოხდება – დამსვენებლებს აფხაზეთში დაუშვებენ სულ მცირე 5-დღიანი საგზურით.
• გარკვეული დროის შემდეგ, შემოუშვებენ დამსვენებლებს სულ მცირე სამი დღით, მაგრამ კვლავინდებურად მხოლოდ საგზურებით და, ასევე, ერთდღიან ტურისტულ ჯგუფებს.
• და უკვე მესამე ეტაპზე, დაუშვებენ ტურისტების შემოსვლას კერძო სექტორში დასასვენებლად.
ამავდროულად, აფხაზეთში ყველა შემომსვლელს თან უნდა ჰქონდეს ცნობა დაავადების არქონის შესახებ, რომელიც აღებული ექნება ოფიციალურ ლაბორატორიაში, ასევე, სავალდებულო სადაზღვევო პოლისი, სულ მცირე 2 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 28 ათასი დოლარის) ოდენობის.
აფხაზეთში, სულ, პანდემიის დაწყებიდან 38 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ოთხი პაციენტი ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს, 33 – გამოჯანმრთელდა, ერთი, 95 წლის პაციენტი კი, გარდაიცვალა.