ღარიბაშვილმა ივანიშვილის დასაცავად წერილით ამჯერად ევროკომისიას მიმართა
ღარიბაშვილმა ივანიშვილის დასაცავად წერილით ევროკომისიას მიმართა
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ვრცელი წერილი მიწერა. პრემიერი ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის “უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა” და “ფაქტობრივ უზუსტობებზე” საუბრობს.
მისივე თქმით, არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდება მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია შვეიცარიულმა ბანკმა პირდაპირ გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად.
ასევე, ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიამ მკაფიო პოზიცია უნდა გამოხატოს “იმ უსაფუძვლო ბრალდებების” მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ის ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.
როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი:
“ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა”, – ვკითხულობთ წერილში.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს.
“მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. “ – აღნიშნულია წერილში.
ღარიბაშვილმა პირველი წერილი 12 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ მმართველი პარტია ყველა მიმდინარე თუ საკვანძო გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის და კარნახის გარეშე იღებს.
თავის წერილში ღარიბაშვილმა სწორედ ოპონენტებს უპასუხა და მოუწოდა განმარტონ, თუ რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.
ღარიბაშვილის თქმით, საუბრები დეოლიგარქიზაციაზე არის საქართველოს “შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებული კამპანია”, რომლის მიზანია “საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირება”.
მისი თქმით, ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში დიდია, თუმცა ისეთი საკვანძო გადაწყვეტილებებიც კი, როგორიცაა რუსეთისთვის სანქციების არდაწესება, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ივანიშვილთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.