საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაეროს სასამართლოში გააკეთეს
საქართველო არ შეუერთდა გაეროში განცხადებას
საქართველო არ შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.
განცხადებას წელს აწერს: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს, შეასრულოს სასამართლოს მარტის დადგენილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარეს უკრაინას, რომელიც რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად უჩივის, რომელიც ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს უკრაინაში გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე შეჭრის უფლება არ აქვს.
“ვიმეორებთ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი ქმედებების გამო. ამასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა გამოიწვევს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობა, ხოლო დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო რეპარაციას, სახელმწიფო პასუხისმგებლობის კანონის შესაბამისად.” – ნათქვამია ევროპული კომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
საქართველო თავიდანვე არ შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სანქციებს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია დასახელდა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება.“