აფხაზეთში მიესალმებიან ლუკაშენკოს განცხადებას მისი შესაძლო აღიარების შესახებ
ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარების შესახებ
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთისგან „სიგნალებს“ ელოდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და, ასევე, ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებისათვის. ოფიციალურმა სოხუმმა დადებითად აღიქვა ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვები, კრემლმა კი აღნიშნა, რომ არანაირი სიგნალები არ იქნება.
კრემლი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარებისთვის არანაირ სიგნალებს არ გაუგზავნის. როგორც ТАСС-ი იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ამას მიზანშეწონილად ჩათვლის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მან იმის კონსტატირება მოახდინა, რომ ბელარუსის ლიდერმა კარგად იცის ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებული რეალური ვითარება. „როგორც ჩანს, დამატებითი სიგნალების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს“, – ვარაუდობს პესკოვი.
ბელარუსმა შეიძლება აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად, სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი კი – დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, მაგრამ ეს კონკრეტულ პირობებში მოხდება. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„როდესაც გავიგებ, და პრეზიდენტი [რუსეთის] მეტყვის, რომ ეს აუცილებელია“, – განაცხადა ლუკაშენკომ Youtube-არხთან, „Соловьев Live“-თან ინტერვიუში, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდა.
ლუკაშენკოს განცხადებას აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
„აფხაზეთის რესპუბლიკაში პოზიტიურად აფასებენ ბელარუსის ლიდერის განცხადებას აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესაძლო აღიარების შესახებ. მინსკის მხრიდან ასეთი ნაბიჯი დაადასტურებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს კურსს ბელარუსსა და რუსეთს შორის ძლიერი მოკავშირეობრივი ურთიერთობების დასამყარებლად“, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთთან მოკავშირეობრივი ურთიერთობების განვითარებით, აფხაზეთი დაინტერესდებოდა ოფიციალური კონტაქტების დამყარებით ბელარუსის რესპუბლიკასთან, „რომელიც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მოკავშირე, რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სრულუფლებიანი და აქტიური მონაწილეა“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო