სვანეთს დენი გრაფიკით მიეწოდებოდა. მიზეზი მაინინგია
უკვე რამდენიმე დღეა, მესტიაში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა, მიზეზი კი მაინერების მუშაობაა.
“ენერგო პრო ჯორჯიამ” დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანია განმარტავს, რომ ამ დროისთვის მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. მათი თქმით ავარიის გამოსწორება მეტად სარისკო იყო – ტექნიკურ ჯგუფებს ამ პრობლემის მოგვარება ვერტმფრენის და სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოუხდა.
“ყველა ასეთი ღონისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს. თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”, – აცხადებენ კომპანიაში.
მაინინგი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება. ბლოკჩეინი მონაცემთა ბაზას ნიშნავს, რომელიც თანმიმდევრულად დალაგებული “ბლოკებისგან” შედგება და ერთიან სერვერზე არ არის განთავსებული.
ბლოკების “ჯაჭვი” მუდმივად გრძელდება და მას ინფორმაციის ახალ-ახალი ბლოკები ემატება. ბლოკების სრული თანმიმდევრობა ერთდროულად ქსელის ყველა მონაწილის მოწყობილობებზე ინახება და მასში ცვლილებების შეტანა ან მისი გაყალბება შეუძლებელია. მაინინგი არის პროცესი, რომლის დროსაც კომპიუტერები სპეციალური რიცხვის (ჰეშის) მისაღებად რთულ გამოთვლებს აწარმოებენ. ჰეშს წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები აქვს. ასეთი რიცხვის პოვნა ერთი ახალი “ბლოკის” შექმნას ნიშნავს, რომელიც ბლოკჩეინში სამუდამოდ შეინახება.
მოწყობილობას, რომელიც ამ ოპერაციას ახორციელებს მაინერი ჰქვია. იმისთვის, რომ რთული ალგორითმები გამოითვალოს, მაინერი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას ხარჯავს. ამ ოპერაციის წარმატებით განხორციელების და ჰეშის მიღების შემთხვევაში, მაინერი და მისი მფლობელი ჯილდოდ ბიტკოინის (ან სხვა კრიპტოვალუტის) ერთეულს მიიღებს.
პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი იყო და იგი 2009 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ახალი, ალტერნატიული კრიპტოვალუტებიც შეიქმნა. ყველა კრიპტოვალუტა ერთსა და იმავე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.
● აფხაზეთში მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან: დენი დღე-ღამეში 6-8 საათიც არ იქნება
● აფხაზეთში მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე, ხელისუფლება ისევ აკანონებს მაინინგს
● მოსაზრება: აფხაზეთი უშუქოდ და ბიზნესი სახელმწიფოს ხარჯზე
ომისა და მშვიდობის ჰესი. ფილმი
“მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო:
1.. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება;
2. აახლებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა“, – აცხადებს “ენერგო პრო ჯორჯიას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბოცვაძე.
მისივე განმარტებით, ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის არსებულ მოხმარებას, ავარიების განმეორება კი გარდაუვალია. ასეთ ვითარებაში, ბოცვაძის განცხადებით, “ენერგო-პრო ჯორჯია” სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე,
მომხდარზე კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მისი თქმით, უნდა მოხდეს რეაგირება და უნდა გაითიშოს უკანონო მაინერები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს კიდეც.
“ამის გარეშე ვერ მოვთხოვთ ენერგო პროს, ხარისხიანად და უწყვეტად მიაწოდოს ელექტროენერგია, იმიტომ, რომ კომპანია ახორციელებს ინვესტიციას და არ აქვს მოგება, რაც მარეგულირებელ წესებთან წინააღმდეგობაში მოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის საფასურს, გვექნება წყვეტები, იქნება ავარიები, და ა.შ. ისევ ტურიზმსა და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი”. – განმარტა ნარმანიამ.
● კრიპტოვალუტის ბუმი – ფული “ჰაერიდან” თუ მომავლის ტექნოლოგია?
● რას წარმოადგენს ‘WanaCrypt0r 2.0’-ის ვირუსი და რატომ უტევს ის მთელი მსოფლიოს ასობით ათას კომპიუტერს