კელი დეგნანი: მთავრობამ უზრუნველყოს, რომ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში.
ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე განმარტებით, ისინი შეშფოთებული არიან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო:
“სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, ის დიდი რისკის ქვეშ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სახალხო დამცველმა თქვა, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის საკმარისი.”
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
კელი დეგნანი მიმართავს მიხეილ სააკაშვილსაც და ურჩევს, გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს მისთვის საჭირო მედიკამენტურ მკურნალობას.
“ცხადია, ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარებაა. მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მკაცრი რეკომენდაციაა ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს ის ფუნდამენტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება.
მას უნდა მოეპყრონ თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა“. – განაცხადა კელი დეგნანმა.
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
კელი დეგნანმა ასევე უპასუხა კითხვას სახალხო დამცველის შესახებ, რომელსაც ირაკლი კობახიძემ “ნაციონალი” უწოდა. ელჩის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი იმსახურებს ქებას და არა კრიტიკას.
“სახალხო დამცველი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართული საზოგადოებისთვის. სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.
დღეს მქონდა პატივი, რომ სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენელს შევხვედროდი. ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის მათ საქმიანობაზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა კუთხით საქმიანობას – ბავშვთა უფლებების კუთხით, ქალების წინააღმდეგ ძალადობას და ა.შ. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ყველა დემოკრატიისთვის. სახალხო დამცველის ოფისი თბილისსა და ბათუმში დაკომპლექტებულია თავდადებული პროფესიონალი ადამიანებით. ისინი უნდა შეაქონ და არა აკრიტიკონ”. – თქვა ამერიკის ელჩმა.
● არჩევნები დასრულდა. რას აპირებს ოპოზიცია
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმებისა და ადვოკატებისთვის, რის გამოც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას. ამას არც თავად ყოფილი პრეზიდენტი თანხმდებოდა.
ექიმთა კონსილიუმი, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, ქართველი ხელოვანები და სხვა, არაერთი ადამიანი, ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას სთხოვდა.
ამ მოთხოვნით პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო. ხელისუფლება კი ჯიუტად იმეორებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პატიმარს მხოლოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში 8 ნოემბერს, საღამოს გადაიყვანეს.
სააკაშვილის გადაყვანის შესახებ უწყებას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არც პრეზიდენტის ოჯახს ჰქონდა.
სად და როგორ გადაიყვანეს პატიმარი ექს-პრეზიდენტი, რომელსაც 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო უცნობი.
ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „პროტესტი იქნება მტკიცე, ხალხმრავალი, უწყვეტი და მშვიდობიანი“ და ის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ოპოზიცია საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევს.