„საქართველო ივანიშვილის გარეშე“- ოპოზიციამ ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყო. ფოტო და ვიდეო
ოპოზიციის ახალი საპროტესტო კამპანია

25 ოქტომბერს, თბილისში, ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სლოგანით – “საქართველო ივანიშვილის გარეშე”.
ათასობით ადამიანი, დროშებითა და საყვირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბა და ხალხმრავალი და ხმაურიანი მსვლელობა გამართა რუსთაველის მეტრომდე.
- გერმანული ფონდები ქვეყნიდან მიდიან. რას ნიშნავს საქართველოსთვის კრიზისული ურთიერთობები ბერლინთან
- ევროკავშირი საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას განიხილავს. რა შეიცვლება იანვარში?
ამ აქციით ოპოზიციამ საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღის დაწყება დააანონსა. ამ ტალღის ფარგლებში, მომდევნო აქცია, 28 ნოემბერს გაიმართება.
28 ნოემბერი სიმბოლური თარიღია – ორი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს განაცხადა საჯაროდ “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ამ განცხადების შემდეგ დაიწყო ქვეყანაში უწყვეტი პროევროპული პროტესტი, ახალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების მთავარი გზავნილები
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა. მათ, ვინც ეს აქცია დააორგანიზა.
“ეს დღე, განსაკუთრებით 28 ნოემბერი, ყველა ჩვენთაგანის მარცხის დღეა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის აქ. ყველა ჩვენთაგანის მარცხია ევროკავშირის გადადება. ყველა ჩვენთაგანის მარცხია ჩვენი შვილების ნათელი მომავლის გადავადება უსასრულოდ“, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
“ივანიშვილის დაჯგუფება ცდილობს ოფიციალურად წაგვართვას ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ მოგვიტანა – მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში. ახლა ისინი ცდილობენ ოფიციალურად დამყარდეს ერთპარტიული დიქტატურა”, – ისმოდა პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერის ლევან ცუცქირიძის გამოსვლაში.
„თითქოს ისეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ყველა სასოწარკვეთილები უნდა ვიყოთ. მაგრამ, სინამდვილეში, საქმე პირიქითაა. ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს” , – ეს იყო ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის გზავნილი.
გამომსვლელებს შორის იყვნენ ახალგაზრდებიც და პროტესტში ჩართული სხვა ადამიანები.
„შეხედეთ ერთმანეთს და დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან და აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის” , – მიმართა მონაწილეებს სტუდენტმა ლუკა მიშველაძემ.
კონტექსტი
25 ოქტომბრის აქცია იმ უწყვეტი პროევროპული პროტესტის ნაწილია, რომელიც საქართველოში უკვე ორი წელია გრძელდება. ეს აქცია ოპოზიციამ დააანონსა და დააორგანიზა.
25 ოქტომბერიც სპეციალურად იყო შერჩეული – ორი წლის, 2024 წლის 24 ოქტომბერს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის ბედი უნდა განესაზღვრა.
ამ არჩევნების შედეგებს, დღემდე არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამ დროიდან დაიწყო საქართველოში დიდი პოლიტიკური კრიზისი, რასაც მოჰყვა, გართულებული ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, სანქციები, შეჩერებული მრავალმილიონიანი დახმარებები.
ასევე, აქციების ძალადობრივი დარბევა, აქტივისტების სასტიკი ცემა და წამება, დაპატიმრებები. რეპრესიული კანონების არაერთი ტალღა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის შევიწროება და ფინანსურ ბლოკადაში მოქცევა.
ამ მოვლენებზე დასავლურმა ინსტიტუტებმა არაერთი კრიტიკული რეზოლუცია გამოაქვეყნეს.
ახლა პოლიტიკური კრიზისი ახალ ფაზაშია – “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა აკრძალოს მისთვის მიუღებელი, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები.
თითქმის ყველა ის პარტია, რომელმაც 25 ოქტომბრის აქცია დააორგანიზა და პროტესტის ახალი ტალღის შესახებ განაცხადა, ასაკრძალი პარტიების სიაშია.







ოპოზიციის ახალი საპროტესტო კამპანია