ხელისუფლება ამბობს, რომ ენმ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას გეგმავს
მას შემდეგ რაც გუშინ, საქართველოში სუს-ის საიდუმლო ფაილები გავრცელდა, მმართველი გუნდის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აანონსებენ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასაც და ამაში ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წინასწარ ადანაშაულებენ.
ამასთან ერთად, პროკურატურამ სუს-ის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. უწყება გავრცელებულ განცხადებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს იმ მედიასაშუალებებს, რომელსაც აღნიშნული მასალა გააჩნიათ და სთხოვს, რომ ეს მტკიცებულებები მიაწოდონ.
_______________
მმართველი პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ სუს-ის მასალები გავრცელებას “ბოლშევიკური კამპანია” უწოდა, ხოლო კრიტიკული მედიები ნაციონალური მოძრაობის დავალებით “ფონის შექმნაში” დაადანაშაულა.
მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მან არ იცის რა კადრები ან ფაბრიკაცია იქნება გავრცელებული, თუმცა მისი თქმით, კადრების გავრცელების მიზანია, უკანონო მიყურადება და გადაღება “ქართულ ოცნებას” დაბრალდეს.
მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს დაესხა თავს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და TV პირველის ტელეწამყვანს, დიანა ტრაპაიძეს “გარყვნილი ადამიანები” უწოდა.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და იქმნიან ალიბის ამასთან დაკავშირებით:
“ეს მათ არ გაუვათ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მათ გასცემს საკადრის პასუხს. ის ყველაფერი არის, რაც ჩვენ ვიცით, აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად, ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გვარამიას და ნათია ტრაპაიძის მხრიდან პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის ნაცმოძრაობის მხრიდან დაგეგმილი.“
სუს-ის მასალებზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იგი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ “ბინძურ პროვოკაციას” უწოდებს.
“არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვლდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები”, – თქვა ღარიბაშვილმა.
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება – გამოხმაურება
მდინარაძის და კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია.
“დიანა რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ვერაფრით ვხვდები. დააკვირდით, რას ამბობს ღარიბაშვილი ჩემზე და სხვებზეც – გარყვნილები. ეს სიტყვა აქვს აჩემებული. რას ნიშნავს გარყვნილები? ეს პოლიტიკური შეფასებაა თუ რა არის? ამორალურები გავიგე, ბოლშევიკებს რომ გვეძახიან, გავიგე, გარყვნილები რა ტიპის შეფასებაა. თუ რამე გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი და შესაბამის დასკვნებს აკეთებთ? დღეს ირაკლი კობახიძემ იგივე თქვა”, – ამბობს ნიკა გვარამია.
TV პირველის ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ კი გადაცემაში “დღის ამბები” თქვა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ჟურნალისტების სტატუსებს არ უნდა დასდევდეს.
“რაც შეეხება შეურაცხყოფას, ბევრი ვიფიქრე როგორ მეპასუხა და, მოდით, მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ”, – ამბობს ტრაპაიძე.
სუს-ის მასალებს გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ივანიშვილი ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი და ამის მოწმე თავად არაერთხელ გამხდარა.
“მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა თბილისში, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას და ჯერჯერობით არ გამოუვიდა. და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა (მე ვარ ამის მოწმე) ქართული ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი. მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ, ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
გუშინ საქართველოში სუს-ის საიდუმლო ფაილები გავრცელდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
როგორც აღმოჩნდა, სუს-ი აკონტროლებს სასულიერო პირების გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას. ათასობით ფაილში ასევე არის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშუალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ. დოკუმენტებში ინფორმაცია გვხვდება იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს.
ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
მასალების ავთენტიკურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.