საიდან ჰყავს აფხაზეთის პრეზიდენტს 400-ათასდოლარიანი ავტომობილი?
აფხაზეთის პრეზიდენტს ძვირადღირებული ავტომობილი აღმოუჩინეს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ასლან ბჟანიას ყველგანმავალი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულებაც 400 ათას დოლარზე მეტია. ასლან ბჟანიას პრესსამსახური ამტკიცებს, რომ არც ერთი ავტომობილი, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებაშია, არ არის სამსახურებრივი და არ არის შეძენილი სახელმწიფო ფულით.
Lexus-ის მარკის დაჯავშნული ავტომობილის ფოტო, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა 30 მილიონ რუბლად (დაახლოებით 412 ათას დოლარად) შეაფასეს, გასული კვირის ბოლოს განათავსეს ერთ-ერთ ანონიმურ ტელეგრამ-არხზე.
ამ ინფორმაციას მაშინვე მოჰყვა რეზონანსი, რადგან ბევრმა მკრეხელობად მიიჩნია ასეთი შთამბეჭდავი ოდენობის სახელმწიფო ფულის დახარჯვა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფს კოვიდცენტრისთვის და ვაქცინების დიდ პარტიას აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საკუთარი სახსრებით ყიდულობენ ადგილობრივი ბიზნესმენები.
- მოსაზრება: როგორი უნდა იყოს აფხაზეთის კონსტიტუცია
- ვის სჯიან აფხაზეთში კორუფციის გამო. სკანდალური საქმის დეტალები
- პოლიტიკური სასამართლო, ზეწოლა მედიაზე, კორუფცია – საქართველო Freedom House-ის ანგარიშში
საბოლოოდ, პრეზიდენტის პრესსამსახურს სახელმწიფო ფულის გაფლანგვის შესახებ ინფორმაციის უარყოფა მოუწია:
„ასლან ბჟანიას მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების დღიდან, არც ერთი ავტომობილი არ შეძენილა სახელმწიფო მეთაურის საჭიროებებისთვის. პრეზიდენტის განკარგულებაშია რამდენიმე ჯავშნიანი ავტომობილი, მათ შორის, 2016 წელს გამოშვებული Lexus LX.
არც ერთი ავტომანქანა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებაშია, არ არის სამსახურებრივი და არ არის შეძენილი სახელმწიფო ფულით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი შეძენილია 2014-2020 წლებში (ასლან ბჟანია პრეზიდენტად 2020 წლის მარტში აირჩიეს – JAMnews)“.
თუმცა, ასეთმა განცხადებამ სიტუაცია ვერ დაამშვიდა.
„მეჩვენება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ავტომობილების შესახებ, რომლებიც ნაჩუქარია ან შეძენილია 2020 წლამდე, უმჯობესია წაიშალოს, პრეზიდენტის პრესსამსახურმა კი ეს იმ თანამდებობის პირის პოსტკოვიდური სინდრომით განმარტოს, რომელმაც ის მოამზადა… სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, კანდიდატობის პერიოდში, არასწორი ინფორმაცია შეიტანა მის მიერ ჩაბარებულ ქონებრივ დეკლარაციაში“, – სარკასტულად რეაგირებს შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკოსი და ბლოგერი თენგიზ ჯოპუა.
ეს კი მისი აზრით, დიდი პრობლემაა პრეზიდენტისთვის. იმდენად, რამდენადაც არასანდო ქონებრივი დეკლარაცია კითხვის ქვეშ აყენებს კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის კანონიერებას.
„მოქალაქეს არ ჰქონდა უფლება, დაშვებული ყოფილიყო საპრეზიდენტო კამპანიაში. ამის მიღმა ბევრად უარესი ვითარება იხატება. შეიძლება სარჩელით მიმართვა სასამართლოსადმი, ბათილად ცნოს 2020 წლის არჩევნების შედეგები, პრეზიდენტობის კანდიდატებად რეგისტრაციის პროცედურების დარღვევის საფუძველზე. და უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, ეს ურტყამს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, თანაც მთელი ძალით. ამიტომ უფრო ადვილია თქმა, რომ ჩინოვნიკი, რომელმაც დოკუმენტი მოამზადა, მიჩნეულ იქნა შეურაცხადად, გაიგზავნა თავისი ხარჯით იძულებით სამკურნალოდ, ყველა სატრანსპორტო ხარჯი, რომელიც განცხადებაშია მითითებული, უკვე დიდი ხანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზეა და აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით ჩვენგან გამოწვეული კოგნიტური დისონანსისთვის“, – ირონიულად აღნიშნავს ჯოპუა.
მთავარი ფოტო: დაჯავშნული ავტომობილი Lexus LX 570. წყარო: driving.ca
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო