პოლიტიკური სასამართლო, ზეწოლა მედიაზე, კორუფცია - საქართველო Freedom House-ის ანგარიშში
საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2021 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი გაუარესებულია და ქვეყანას 100-დან 36.31% აქვს.
ასევე, საქართველო მოხსენიებულია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნად და 7-ქულიან სკალაზე ქართული დემოკრატია 3,18 ქულითაა შეფასებული.
___________________________________
● ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები
● დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში
_____________________________________
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ნათქვამია, არჩევნების დამკვირვებლებმა გამოავლინეს მრავალი პრობლემა წინასაარჩევნო პერიოდში – ეს მოიცავდა ამომრჩეველთა დაშინების, კამპანიის შეფერხების მცდელობებსა და მედიაზე შეტევების შემთხვევებს.
“გარდა ამისა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებიც დაფიქსირდა, რამაც გაზარდა ხაზები პარტიასა და სახელმწიფოს შორის. მთავრობის ინიციატივით წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, გაიზარდა სოციალური პროექტები, სავარაუდო პოლიტიკური მოტივით დაშინებისა და განთავისუფლების შემთხვევები”, – წერია ანგარიშში.
_____________________________________
● IRI-ის კვლევა: რას ფიქრობს ხალხი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
_____________________________________
სასამართლო
სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაზე საუბრისას Freedom House ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესებზე დამკვირვებლები კონკრეტულ შემთხვევებში პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებენ.
ასევე, ანგარიშში მოხსენიებულია “სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფი” და ნათქვამია, რომ აღნიშნული მცირე ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საშუალებით აკონტროლებს სასამართლოს:
„2020 წელს ახალი ამბების სათაურებში დომინირებდა ოთხი მსგავსი შემთხვევა. მათ შორის იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი (ოპოზიციური პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი), ნიკანორ მელია (ყოფილი მმართველი პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), გიორგი რურუა („მთავარი არხის“ დამფუძნებელი და 2019 წლის ივნისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი) და გიორგი უგულავა (თბილისის ყოფილი მერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“). ოთხივე საქმე განიხილებოდა დაფიქსირებული სამართლებრივი ხარვეზებით და დარღვევებით.
პოლიტიკური მოტივებზე იყო საუბარი, ასევე, ფულის გათეთრების ბრალდებაში, რომელიც პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს წარუდგინეს წლის პირველ ნახევარში.”
_________________________________
● კარტოგრაფების საქმე
● კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● ევროსასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო
_______________________________
მედიაგარემო
7-ბალიან შკალაზე ქართული მედიის დამოუკიდებლობა 3.50 ქულითაა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნოდ მედიაზე ზეწოლა გაძლიერდ, რამაც პრესაში პოლარიზაცია უფრო თვალსაჩინო გახადა.
ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლას ახდენდა მედიაზე დამამცირებელი განცხადებებით, როდესაც დამოუკიდებელ ან ოპოზიციურ მაუწყებლებს – როგორებიცაა მთავარ არხი, ფორმულა და TV პირველი, „ყალბი ახალი ამბების არხებად“ მოიხსენიებდნენ.
ანგარიშში კრიტიკულ კონტექსტშია ნახსენები 2020 წლის ივლისში მაუწყებლობის კანონში მიღებული ცვლილებები და ნათქვამია, რომ ამ გზით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მედიის საქმიანობაში ჩარევის უფლება ეძლევა.
„შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, შეიძლება, კომისიას მისცეს საშუალება ჩაერიოს მედიაკომპანიების ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეებში, ასევე, გამოხატვის თავისუფლებაში ე.წ. სპეციალური მენეჯერების დანიშვნის გზით. შესწორებების პროექტი განიხილეს ერთი კვირის განმავლობაში და დამტკიცდა 17 ივლისს დაინტერესებული მხარეების მინიმალური მონაწილეობით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
_______________________________
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
● HRW: მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია
_____________________________________
კორუფცია
Freedom House-ის დასკვნაში წერია, რომ კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა პანდემიის მართვისა და წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულებებზე დაკვირვების შემდეგ.
„კორუფცია საქართველოში 2020 წელსაც პრობლემად რჩება. ის კიდევ უფრო გამძაფრდა COVID-19 კრიზისის მენეჯმენტით და ასევე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიით. წინასაარჩევნოდ, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა 22 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა, რაც ბევრად აღემატება სხვა პარტიებისას. პოლიტიკურ შემოწირულობებს ხშირად აქვთ კორუფციის რისკი და, შესაბამისად, მათ თვალყურს ადევნებენ მაკონტროლებელი ჯგუფები”, – წერია ანგარიშში.