ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება სამ საკითხზე შეთანხმდნენ
პირველი შეთანხმება ნამახვანჰესის შესახებ პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ხელისუფლებას შორის შედგა. ორი მხარე ერთმანეთს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით ესაუბრა. შეხვედრა სამ საკითხზე შეთანხმებით დასრულდა, თუმცა დანარჩენ საკითხებზე საუბარი მომდევნო შეხვედრებზე გაგრძელდება.
შეთანხმების თანახმად, უნდა შეფასდეს პროექტის რისკები, რიონის ხეობაში განიმუხტოს სიტუაცია – მოიხსნას ბარიერები და მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, ამასთან, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის 10 წლიანი დოკუმენტი.
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
● “მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას” – თბილისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
“ვიმედოვნებთ, რომ უკვე მომავალი კვირისთვის დავინახავათ მთავრობის და პოლიციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც პროტესტის უფლებას იყენებენ, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა დირკ ბუშლემ.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის ერთერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება პარასკევამდე შეასრულებს შეთანხმებას, მომდევნო პარასკევს ისევ შეხვდებიან და „ენკას“ სამუშაო პროცესის შეჩერებაზე ისაუბრებენ. გოლეთიანის თქმით, მათ დააყენეს დაკავებული აქტივისტების საკითხიც და მიიღეს დაპირება, რომ შეხვედრაზე მყოფი სამინისტროების წარმომადგგენლები პროკურატურას მოუწოდებენ ამ ადამიანების გათავისუფლებისკენ.
„ზოგადად ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი დაკავებების ნაწილში უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ პროცესმა გადაინაცვლოს მშვიდობიან ფორმატში”, – აღნიშნა გოლეთიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა გადაკვეთის წერტილები იპოვეს და კვლავაც გააგრძელებენ საუბარს, მათ შორის, ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროტესტის მონაწილე დაკავებულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურას, თუმცა მათი კომპეტენცია აქ ამოიწურება.
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
● „ორ ადამიანს დავიტოვებ, ჭამა-სმა ჩემზე იყოს“. თბილისი ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციისთვის ემზადება
● პოლიციამ სოფელ გუმათთან რკინის ბარიკადები აღმართა. რა ხდება რიონის ხეობაში
„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ბარიკადების აღების და საპოლიციო ძალების გაყვანის საკითხი უნდა დავსვათ. ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო და არა შინაგან საქმეთა სამინიტრო, მაგრამ ამ ინფორმაციას ყველა შესაბამის უწყებასთან განვიხილავთ და მე დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ეს მოხდება და ასევე მოხდება ის, რომ „ენკას” მუშახელი და ტექნიკა გააგრძელებენ ჯერ-ჯერობით უპრობლემოდ მუშაობას”, – თქვა თვალაბეიშვილმა.
შეხვედრას არ ესწრებოდა კომპანია “ენკას” წარმომადგენელი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მედიაციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებები პირველ ეტაპზე სახელმწიფოს და პროტესტის მონაწილეებს შორის უნდა გამართულიყო, კომპანია “ენკა” კი დამკვირვებლად მიიწვიეს. ნამახვანჰესის საქმეზე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის გადაწყვეტილება 24 აპრილს გახდა ცნობილი.